ახალი ამბები

თბილისში, დარეჯანის სასახლესთან ძველი გალავნის ფრაგმენტები იპოვეს

12 სექტემბერი, 2019 • 1459
თბილისში, დარეჯანის სასახლესთან ძველი გალავნის ფრაგმენტები იპოვეს

თბილისის განვითარების ფონდის ინფორმაციით, სარებილიტაციო სამუშაოების დროს, დარეჯანის სასახლის სამონსტრო კომპლექსის ტერიტორიაზე გავლებულ ღრმა ჭრილში ძველი გალავნის ფრაგმენტები აღმოაჩინეს.

უწყება ამბობს, რომ ამ ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები “ახალი ტფილისის“ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა, ახლად აღმოჩენილი ფრაგმენტები კი არექოლოგიების მიერ შესაბამისი წესების დაცვით უკვე გაიწმინდა. სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისთვის 2 მლნ ლარამდეა გამოყოფილი.

“პროექტში ჩართული მხარეების: არქეოლოგების, ხელოვნებათმცოდნეებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, სარეაბილიტაციო არეალში აღმოჩენილი ძველი გალავნის ნაშთები უნდა შენარჩუნდეს, შესაბამისად, აღნიშნული რეკომენდაციის საფუძველზე პროექტი დაკორექტირდა. დაკორექტირებული პროექტის მიხედვით სადრენაჟე სისტემა ვეღარ მოეწყობა, თუმცა შენარჩუნებული იქნება კულტურული მემკვიდრეობა – მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, რომლის შედეგად ბუნებრივი წყლების ზემოქმედებისგან დაცული იქნება ციხის გალავანი,“- წერია ფონდის განცხადებაში.

თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ტოგონიძის თქმით, ძველი გალავნის ფრაგმენტები სადრენაჟე მილების ჩანაცვლების დროს აღმოაჩინეს.

„დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო გალავნის კედლის რეაბილიტაცია. როდესაც უკანა კედლის მხარეს ამოვიღეთ ჭრილი, რომ სადრენაჟე მილები ჩაგველაგებინა, აღმოვაჩინეთ ძველი გალავნის კედელი და კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტები.

მას შემდეგ, რაც არქეოლოგებთან და შესაბამის სპეციალისტებთან გავიარეთ კონსულტაციები, გადავწყვიტეთ, რომ დაგვეკორექტირებინა პროექტი ისე, რომ არქეოლოგიური მხარეც შენარჩუნებული და აღწერილი იყოს და იმ წყლების დიდი ოდენობა, რომელიც აზიანებს გალავნის კედელს, ამა თუ იმ გზით ავაცდინოთ გალავანს“, – ყვება ალექსანდრე ტოგონიძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი