ახალი ამბები

რას ფიქრობენ ხაზარაძის მოძრაობაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში

12 სექტემბერი, 2019 • 1038
რას ფიქრობენ ხაზარაძის მოძრაობაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მამუკა ხაზარაძის ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას – “ლელოს” – აფასებენ.

ოპოზიციაში “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ერთიანობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს, სახელისუფლებო გუნდში კი ხაზარაძის ვალდებულებებზე საუბრობენ, რომლებიც, მათი თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არსებობს.

“ნაციონალური მოძრაობის”ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას, მიაჩნია, რომ მამუკა ხაზარაძის დღევანდელ რიტორიკაში “ოცნების” წინააღმდეგ ერთიანობის იდეა ნაკლებად იგრძნობოდა. მელია მოძრაობის დამფუძნებლის იმ განცხადებას უსვამს ხაზს, რომლითაც მან თქვა, რომ ამ ეტაპზე არავისთან ითანამშრომლებს და შესაბამის გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლის შემდეგ მიიღებს.

“მამუკა ხაზარაძემ დღეს გვითხრა, მე შეიძლება გახარიასთანაც, ივანიშვილთანაც ვითანამშრომლოო. მოდი, ჯერ არჩევნები ჩავატაროთ, ვნახოთ, რამდენ დეპუტატს შევიყვანთ, იქ რომ დავსხდებით, იქ გადავწყვეტთო. ასე ბრძოლა იმ ადამიანთან, რომელმაც უფსკრულში უკვე გადაჩეხა  ქვეყანა… ახლა ვცდილობთ ამ უფსკრულიდან ამოვიდეთ და ვთქვათ მთავარი, რომ მოდით, გავერთიანდეთ ანტიბიძინა ივანიშვილის კამპანიაში; რომ მხოლოდ ერთობაა ახლა უებარი გამოსავალი, ყველა მინუს ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს მე ვერ მოვისმინე, ეს დამაკლდა დღეს”, – აცხადებს მელია “მთავარ არხთან” საუბრისას.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამავე ტელეკომპანიას ეუბნება, რომ ნულოვანი ბარიერის პირობებში, კვლავ ელის ახალი პარტიების გამოჩენას პოლიტიკურ ასპარეზზე, თუმცა მისთვის მთავარია, რა პოზიციას დაიკავებენ ისინი ბიძინა ივანიშვილის მიმართ:

“იმ პირობებში, როცა ქვეყანა პირველად ვატარებთ პროპორციულ არჩევნებს და, მით უმეტეს, როცა ნულოვანი ბარიერია, ვვარაუდობ, რომ რამდენიმე პარტია კიდევ წარმოიქმნება. აი, ამ მრავალფეროვნებით უნდა მოვიგოთ. მრავალფეროვნებას სჭირდება ერთ საკითხში ერთიანობა: არჩევნების მეორე დღეს შეუქმნის თუ არა ივანიშვილს მთავრობას. თუ არ შეუქმნის, ეს მრავალფეროვნება, პირიქით, გვაძლიერებს. თუ შეუქმნის, მაშინ ის პარტიები, რომლებიც ღიად ამბობენ, რომ შეუქმნიან, ჩემთვის პირადად და ევროპული საქართველოსთვის იქნებიან წითელ ხაზს მიღმა”.

“ძალიან მდარე შთაბეჭდილება დამრჩა” – ასე შეაფასა ხაზარაძის მოძრაობის პრეზენტაცია მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ. ვოლსკის თქმით, ხაზარაძის მოძრაობას სერიოზულად არ აფასებს.

“მართალი გითხრათ, არ მოველოდი ასეთ ბიბლიურ, მისტიკურ, ლირიკული წარმოდგენას – ლელო, საქართველო, პოეზია… მე უფრო მეტს მოველოდი. მე ძალიან მდარე შთაბეჭდილება დამრჩა და მეტი კომენტარი არა მაქვს. მომავალში ვნახოთ, როგორ განავითარებს”, – განაცხადა მან.

რაც შეეხება მმართველი პარტიის კიდევ ერთს წევრს, მამუკა მდინარაძეს: მისი თქმით, ახალი პარტიების გამოჩენას მიესალმება, თუმცა ხაზარაძემ სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე არსებული “ვალდებულებები” უნდა შეასრულოს. მისი თქმით, აღნიშნული ვალდებულებები საზოგადოებრივი მოძრაობის დამფუძნებელს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გააჩნია.

“მივესალმები ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის შექმნას. კონკურენცია აბსოლუტურად თანაბარია ამ ქვეყანაში, კანონებიდან გარემომდე. თუმცა, თუკი პოლიტიკური ამბიციები უჩნდება ადამიანს ან პირთა ჯგუფს, სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე შესრულებული ჰქონდეს ის ვალდებულებები, რომლებიც მან თავის თავზე აიღო”, – აცხადებს მდინარაძე.

რატომ მოვიდა პოლიტიკაში – ხაზარაძის სიტყვა მოძრაობის დაფუძნებისას

მასალების გადაბეჭდვის წესი