საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გიორგი ვოლსკის აზრით, მოსაზრება, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მე-5 მუხლის გაუვრცელებლობის დათქმით, “საინტერესოა და განხილვას იმსახურებს”.
როგორც ვოლსკიმ ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, ეს ინიციატივა ახალი არ არის და ამ თემაზე შარშანაც იყო საუბარი.
“მაშინ ნატოს ოფიციალური პოზიცია იყო, რომ არარეალისტურად მიიჩნევდა ამას, თუმცა კონსულტაციების გაგრძელება ამ თემაზე, მათ შორის, ნატო-ს წევრ ქვეყნებთან, ნამდვილად ღირს”, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, აღნიშნულ ინიციატივას ალიანსში მყარი საფუძველი ჯერჯერობით არ აქვს, მიაჩნიათ რა, რომ მე-5 მუხლის პრინციპის დათმობა ან შემსუბუქება არ შეესაბამება ნატოს სტანდარტსა და პოლიტიკას.
ამასთან, დეპუტატმა ცრუპენტელობა უწოდა მოსაზრებას, რომ ანდერს ფოგ რასმუსენმა კითხვის ნიშნები დასვა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.
ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 10 სექტემბერს, თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ქართულ საზოგადოებას შესთავაზა, ქვეყნის შიგნით განიხილოს, დათანხმდებოდა თუ არა ნატო-ში მიღების ისეთ მოდელს, რომლის მიხედვითაც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლი მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდებოდა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემიდან გამომდინარე და იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ალიანსს არ სურს, ჩაერთოს რუსეთთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უკვე არსებული კონფლიქტის გამო, აკადემიურ და პოლიტიკურ წრეებში არაოფიციალურად დიდი ხანია მსჯელობენ ვარიანტზე – საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდეს იმ დათქმით, რომ ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდება.
ეს ინიციატივა კიდევ უფრო აქტუალური გახდა 2018 წელს, როდესაც კვლევითმა და ანალიტიკურმა ცენტრმა Heritage Foundation-მა გამოაქვეყნა მკვლევარ ლუკ კოფის ნარკვევი, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრებას ეხება. ავტორის მტკიცებით, პირად საუბრებში საქართველოს მთავრობის წევრები თანახმანი არიან, საქართველო იმ პირობით გახდეს ნატოს წევრი, თუ ნატოს მეხუთე მუხლი არ გავრცელდება ქვეყნის ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე – აფხაზეთსა და ცხინვალზე.
აპატურაი: არარეალისტურია საქართველოს ნატოში გაწევრება მეხუთე მუხლის ნაწილობრივ მოქმედებით