ახალი ამბები

ჩვენთვის მისაღებია, საქართველო ნატოს წევრი სრული ტერიტორიით გახდეს – ჩუგოშვილი

11 სექტემბერი, 2019 • 2408
ჩვენთვის მისაღებია, საქართველო ნატოს წევრი სრული ტერიტორიით გახდეს – ჩუგოშვილი

“ჩვენთვის მისაღებია, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს სრული ტერიტორიის ფარგლებში. ამიტომ სპეკულაციები და კუდის მობმები ამ თემაზე სრულიად არასწორია”, – განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადების საპასუხოდ.

მისი თქმით, რასმუსენი არ არის ნატოს ოფიციალური წარმომადგენელი და მან მხოლოდ აზრი შესთავაზა საქართველოს სამსჯელოდ.

“გუშინდელი შემთხვევა იყო დისკუსია, სადაც კონფერენციაში მონაწილე არა ოფიციალური წარმომადგენლები, არამედ ადამიანები, რომლებსაც აქვთ სერიოზული გამოცდილება და ამ პროცესის ცოდნა, გულშემატკივრის პოზიციიდან განიხილავდნენ სხვადასხვა შესაძლებლობებს, თუ როგორ შეიძლება საქართველო უფრო მეტად მიუახლოვდეს ნატოს წევრობას იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის 20% ოკუპირებულია. ამაზე იყო დისკუსია. მე არ ვფიქრობ, რომ ეს იმსახურებდა სხვადასხვა კუთხით ღელვას და ნერვიულობას. არცერთ შემთხვევაში ეს არ ნიშნავს ნატოს პოლიტიკის შეცვლას საქართველოს მიმართ ან საქართველოს პოლიტიკის შეცვლას ნატოს მიმართ”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ამოცანაა, გახდეს ნატო-ს წევრი მისი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების ფარგლებში.

“დამშვიდდით, დაწყნადით, საზოგადოებას არ სჭირდება ამაზე ღელვა და ნერვიულობა. საქართველო აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ნატოსთან თავსებადობა ჰქონდეს მაღალი და აქვს კიდეც უფრო მაღალი, ვიდრე ზოგიერთ ქვეყანას, რომელიც ჩვენზე წინ არის პოლიტიკურ მოლაპარაკებებში”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 10 სექტემბერს თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ქართულ საზოგადოებას შესთავაზა, ქვეყნის შიგნით განიხილოს, დათანხმდებოდა თუ არა ნატო-ში მიღების ისეთ მოდელს,  რომლის მიხედვითაც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლი მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდებოდა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემიდან გამომდინარე და იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ალიანსს არ სურს, ჩაერთოს რუსეთთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უკვე არსებული კონფლიქტის გამო, აკადემიურ და პოლიტიკურ წრეებში არაოფიციალურად დიდი ხანია მსჯელობენ ვარიანტზე – საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდეს იმ დათქმით, რომ ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდება.

ეს ინიციატივა კიდევ უფრო აქტუალური გახდა 2018 წელს, როდესაც კვლევითმა და ანალიტიკურმა ცენტრმა Heritage Foundation-მა გამოაქვეყნა მკვლევარ ლუკ კოფის ნარკვევი, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრებას ეხება. ავტორის მტკიცებით, პირად საუბრებში საქართველოს მთავრობის წევრები თანახმანი არიან, საქართველო იმ პირობით გახდეს ნატოს წევრი, თუ ნატოს მეხუთე მუხლი არ გავრცელდება ქვეყნის ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე – აფხაზეთსა და ცხინვალზე.

მაშინ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ არარეალისტურია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე მსჯელობა იმ პირობით, რომ მეხუთე მუხლის მოქმედება არ გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ამავე თემაზე:

რასმუსენის იდეა ნატოში გაწევრებაზე საინტერესოა და განხილვას იმსახურებს – ვოლსკი

მასალების გადაბეჭდვის წესი