საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ თვითმმართველობის კანონის მიღების შემდეგ ქუჩების სახელდების ახალი წესი უნდა განიხილოს პარლამენტმა და შემდეგ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს.
ჯახველაძის თქმით, აღნიშნული წესის განხილვა აპრილის ბოლოს პარლამენტში ჩანიშნულია და სანამ საკანონმდებლო ორგანო საკითხს არ განიხილავს, მანამდე ქუჩებს სახელს ვერ მიანიჭებენ.
ჯახველაძემ განმარტა, რომ საკრებულომ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის სახელდების დროებითი წესი დაამუშავა, გადაუგზავნა პარლამენტს, რომელიც, ჯახველაძის თქმით, უახლოეს დღეებში განიხილავს.
“დიდი ცვლილებებს არ ველოდებით, უბრალოდ შეჩერებულია ჩვენი უფლებამოსილება, დეკემბერში დამთავრდა, ახალი წესი უნდა მიიღონ. უბრალოდ დროის ფაქტორია, მეტი არაფერი”, – განაცხადა ჯახველაძემ.
ლია ჯახველაძე ამბობს, რომ პარლამენტმა სახელდების წესში ცვლილებები უნდა შეიტანოს, თუმცა ცვლილებები ხელს არ შეუშლის, რომ 5 ქალის სახელი თბილისის ქუჩებს მიენიჭოს.
თბილისის საკრებულოს დაპირებით, 5 პოლიტიკოსი ქალის სახელი თბილისის ქუჩებს 8 მარტამდე უნდა მინიჭებოდა. საკრებულოსა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთკავკასიის ბიუროს შორის გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, საკრებულომ თბილისის 50 ქუჩას ქალების სახელები უნდა მიანიჭოს.
კითხვაზე, რატომ არ მოამზადა საკრებულომ დროებითი წესი აქამდე, ლია ჯახვეკლაძე პასუხობს, რომ ფაქტის წინაშე იანვრის ბოლოს დადგნენ. ამის შემდეგ დაიწყეს დროებითი წესის დამუშავება თბილისის მუნიციპალიტეტისთვის.
თბილისის საკრებულოს მონაცემებით, თბილისში 1200 ქუჩაა, რომლებსაც პიროვნების სახელი აქვს მინიჭებული. აქედან, 1120 ქუჩას კაცი მოღვაწის სახელი აქვს, ხოლო ქალი მოღვაწის სახელი მხოლოდ 80 ქუჩას აქვს.

