ახალი ამბები

თამარ მეარაყიშვილმა შიმშილობა დაიწყო

12 სექტემბერი, 2019 • 1338
თამარ მეარაყიშვილმა შიმშილობა დაიწყო

ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელსაც აქტივიზმის გამო დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში დევნიან, შიმშილობას იწყებს. მეარაყიშვილი წერს, რომ შიმშილობის დროს მხოლოდ წყალს მიიღებს.

აქტივისტი განმარტავს, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმდჯომარეების ყურადღების მისაპყრობად და მომავალ კვირას, მათთან შესახვედრად მიმართავს.

“დღეიდან ვიწყებ შიმშილობას. მხოლოდ წყალს მივიღებ. პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მივმართავ იძულებით – მინდა შემხვდნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ხელისუფლების მხრიდან მესამე წელია სრულიად მიტოვებული ვარ. ცოცხალი თითქოს არავის ვაინტერესებ.

ჩემი პროტესტი მხოლოდ ცხინვალს არ ეხება, ეხება თბილისსაც. ჟურნალისტებს გთხოვთ დაინტერესდეთ, რათა ჩემ შესახებ პროტესტის ადრესატებმა გაიგონ,“- წერს აქტივისტი განცხადებაში, რომელიც მან ფეისბუკზე გამოაქვეყნა.

16 აგვისტოს ორი წელი გახდა, რაც ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ ცხინვალის ხელისუფლებამ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. მეარაყიშვილს დღემდე თავისუფალი გადაადგილება შეზღუდული აქვს [ყველა საბუთი ჩამოართვეს] და, ფაქტიურად, შინაპატიმრობაში იმყოფება. შემდეგი ნაბიჯი მისი მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მიმართვა იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი