კომიტეტმა მოსამართლეებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფში NGO სექტორი არ შეიყვანა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა.

ჯგუფი 10 დღის განმავლობაში იმუშავებს და კანდიდატების დოკუმენტაციას შეისწავლის.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ყველა ფრაქციამ მიიღო შეთავაზება, სამუშაო ჯგუფში თითო წარმომადგენელი ჰყავდეს. შესაბამისად, მმართველი გუნდის 7 ფრაქციიდან სამუშაო ჯგუფში შევლენ: ანრი ოხანაშვილი, ზაზა გაბუნია, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ზოიძე, სოფო ქაცარავა და ნინო გოგუაძე;

“პატრიოტთა ალიანსიდან” – გელა მიქაძე;

დამოუკიდებელი დეპუტატებიდან – ლევან გოგიჩაიშვილი;

1 კვოტა გამოყოფილია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის”, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა ენმ შეთავაზებას და რომელი დეპუტატი იქნება წარმოდგენილი სამუშაო ჯგუფში;

“ევროპულმა საქართველომ” სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე უარი განაცხადა იმ მიზეზების გამო, რომ: 1. ჯგუფი არ განიხილავს შინაარსობრივად კანდიდატების შესაბამისობას კრიტერიუმებთან, არამედ მხოლოდ დოკუმენტაციის კანონდმებლობასთან ფორმალურ შესაბამისობას შეისწავლის და 2. ჯგუფში არ იქნება წარმოდგენილი არასამთავრობო სექტორი.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პროცესის მეტი გამჭვირვალობისთვის ჯგუფში მონაწილეობის თაობაზე შეთავაზება გაეგზავნათ “ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარეს და “იურიდიული დახმარების სამსახურის” ხელმძღვანელს. ასევე, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში ჩართული იქნებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი ჯონი ხეცურიანი. მისივე ინფორმაციით, ობიექტური მიზეზების გამო, ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი თქვა სახალხო დამცველის აპარატმა.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი ჯგუფის მუშაობაში მინდია უგრეხელიძისა და კოალიციის “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ჩართვის თაობაზე, თუმცა კომიტეტმა აღნიშნულს მხარი არ დაუჭირა. ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, არასამთავრობო სექტორი თითოეული კანდიდატის შესახებ დამოუკიდებლადაც ამუშავებს ინფორმაციას და მათ საშუალება ექნებათ, დაესწრონ კომიტეტის სხდომებს და დასვან კითხვები.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყება.


იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტის 20 კანდიდატი წარუდგინა. ესენი არიან:

  1. თამარ ალანია
  2. მერაბ გაბინაშვილი
  3. შოთა გეწაძე
  4. მირანდა ერემაძე
  5. მამუკა ვასაძე
  6. მაია ვაჩაძე
  7. თამარ ზამბახიძე
  8. შალვა თადუმაძე
  9. ზაზა თავაძე
  10. ვლადიმერ კაკაბაძე
  11.  ლევან მიქაბერიძე
  12. გიორგი მიქაუტაძე
  13. პაატა სილაგაძე
  14. ნუგზარ სხირტლაძე
  15. ლალი ფაფიაშვილი
  16. ნინო ქადაგიძე
  17. ლაშა ქოჩიაშვილი
  18. ქეთევან ცინცაძე
  19. ალექსანდრე წულაძე
  20. გოჩა ჯეირანაშვილი
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.