აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებმა კომენტარი სთხოვეს ზურაბ აბაშიძეს, საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში.
“ამ ხელშეკრულებას არავინ მსოფლიოში არ აღიარებს, გარდა რუსეთისა და კიდევ რამდენიმე, ერთი-ორი ქვეყნისა. ასე რომ, ამ ხელშეკრულებას, რომელიც დღეს თითქოს ძალაში შევიდა, სამართლებრივად არავითარი ლეგალურობა არ აქვს”, – განაცხადა აბაშიძემ.
რუსეთისა და აფხაზეთის პრეზიდენტებმა შეთანხმებას ხელი 2014 წლის 24 ნოემბერს მოაწერეს. აფხაზეთის პარლამენტმა შეთანხმების რატიფიცირება 2014 წლის 22 დეკემბერს მოახდინა. დოკუმენტი ითვალისწინებს ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების სივრცის, მათ შორის გაერთიანებული სამხედრო ჯგუფების შექმნას, რომლებიც დაექვემდებარებიან გაერთიანებულ მეთაურობას.
ამას გარდა, შეთანხმება ითვალისწინებს აფხაზეთისთვის სოციალური სტანდარტების ამაღლების უზრუნველყოფას, მათ შორის საპენსიო უზრუნველყოფას, სამედიცინო და სოციალურ დაზღვევას, ხელფასების ზრდას და ა.შ.
თბილისი სოხუმსა და მოსკოვს შორის აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებას აფასებს რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ანექსიის მცდელობად. ანალოგიური ხელშეკრულების გაფორმებას მოსკოვი სამხრეთ ოსეთთანაც გეგმავს.
| ||||