ახალი ამბები

“ძალიან კარგია, რომ ეკონომიკური ბლოკი უცვლელია” – ბიზნესასოციაცია სამთავრობო ცვლილებებზე

9 სექტემბერი, 2019 • 1127
“ძალიან კარგია, რომ ეკონომიკური ბლოკი უცვლელია” – ბიზნესასოციაცია სამთავრობო ცვლილებებზე

საქართველოს ბიზნესასოციაცია (BAG) პარლამენტის მხრიდან მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადებას ეხმაურება.

ასოციაცია პრემიერსა და მინისტრებს შესაბამის თანამდებობებზე დამტკიცებას ულოცავს და აღნიშნავს: “ძალიან კარგია, რომ ეკონომიკური ბლოკი უცვლელია, ვინაიდან საქართველოს ბიზნესასოციაციას არსებულ ეკონომიკურ ბლოკთან უკვე აქვს ეფექტური თანამშრომლობის კარგი გამოცდილება”.

რაც შეეხება საკითხებს, “ასოციაცია არის ხიდი ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის და, როგორც ყოველთვის, ჩვენ დავაყენებთ იმ ობიექტურ და სამართლიან საკითხებს, რომლებიც ამ ეტაპზე აქტუალურია და გადაწყვეტას ითხოვენ”.

“რამოდენიმე საკითხზე გუშინ პრემიერმაც ისაუბრა. აღვნიშნავდით, რომ მართლაც მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უწყებებში მთელი საქართველოს მასშტაბით გადაწყვეტილებების მიღების პროცესი დაიხვეწოს, რაც გულისხმობს ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი საკითხების დროულ გადაწყვეტას. ზოგჯერ უარიც პასუხია და ესეც ღირებულია, რადგან ბიზნესი იწყებს ალტერნატიული გეგმის მოძიებას. მაგრამ ძალიან ცუდია დროში გაწელილი გადაწყვეტილებები”, – ნათქვამია BAG-ის განცხადებაში.

ასოციაციის განცხადებით, ასევე, მართლაც მნიშვნელოვანია განჭვრეტადობა, ანუ პროგნოზირებადი ბიზნესგარემოს შექმნა.

“რეალურად უნდა შეიქმნას ის ვითარება, როდესაც ნებისმიერი საკანონმდებლო თუ სხვა ტიპის ინიციატივა, რაც ბიზნესს უკავშირდება, წინასწარ იყოს განხილული ბიზნესთან. ბიზნესმენები პრაგმატული ადამიანები ვართ და გვესმის, რომ ამ ხარისხის კომუნიკაციაც კი არ გულისხმობს იმას, რომ ყველა საკითხზე შეიძლება მოხდეს აზრთა თანხვედრა, მაგრამ ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებით დასტურდება, რომ ბიზნესთან კომუნიკაციის შედეგად სახელმწიფო ისმენს მნიშვნელოვან, პროფესიულ და რეალურ ინფორმაციას და შედეგად ყოველთვის იღებს უფრო სწორ გადაწყვეტილებას. დღესაც არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ გარკვეულ გადაწყვეტილებებს ვიგებთ პოსტფაქტუმ, რაც, ჩვენი აზრით, არცერთი მხარისთვის არ უნდა იყოს სიკეთის მომტანი”.

ასოციაცია აცხადებს, რომ ასევე მნიშვნელოვანია “ბიზნესის ჭარბი სოციალური ვალდებულებებისგან დაცვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ბიზნესი უნდა განვითარდეს, ქვეყანაში შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და, შესაბამისად, ძლიერი ეკონომიკა, რისი ბუნებრივი შედეგიც იქნება ის, რომ კერძო სექტროში დასაქმდება სამუშაო ძალის უმეტესობა. ასევე ძლიერი ეკონომიკის არსებობის შემთხვევაში სახეზე გვექნება მნიშვნელოვნად გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლები, რომლითაც დაფინანსდება სხადასხვა სახის სოციალური პროექტები თუ სხვა ხარჯები”.

ასოციაცია აცხადებს, რომ სხვა საკითხებთან ერთად ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც  ახალ პრემიერთან დააყენებენ, იქნება მათი პროფესიული ხედვა ლარის კურსთან დაკავშირებით.

“ეს ყველაზე მტკივნეული საკითხია დღეს ბიზნესისთვის და ამ თემაზეც გვინდა მთავრობასთან საერთო ხედვებზე შეჯერება.

ზოგადად, ჩვენი ამოცანაა შევქმნათ საქართველოს ბიზნესასოციაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის ეფექტური და პროფესიული პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის შემდგომ განვითარებას. ნებისმიერი ძლიერი ქვეყნის წარმატების ქვაკუთხედი არის ძლიერი ბიზნესი, რაც იმთავითვე გულისხმობს ძლიერ ეკონომიკას და ფართო შესაძლებლობებს ყველა მიმართულებით”, – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი