ახალი ამბებიეკონომიკა

ბიზნესასოციაცია მთავარობას საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას სთხოვს

11 ნოემბერი, 2020 • 1033
ბიზნესასოციაცია მთავარობას საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას სთხოვს

საქართველოს ბიზნესასოციაცია მთავრობას საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას სთხოვს. პანდემიის პირველ ეტაპზე საქართველოს მთავრობამ ბიზნესს გარკვეული შეღავათები შესთავაზა, რომელთა შორის იყო 1 500 ლარამდე შემოსავლის 20%-ით დაბეგვრაზე უარის თქმა.

კერძოდ, საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლითაც 2020 წლის პირველი მაისიდან 6 თვის განმავლობაში დამქირავებელი უფლებამოსილი გახდა, შეემცირებინა (ბიუჯეტში არ შეეტანა) დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დასაკავებელი და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან  1 თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1 500 ლარს არ აღემატებოდა. საგადასახადო კოდექსში შეტანილი ეს ცვლილება მოქმედებდა ოქტომბრის ბოლომდე, შესაბამისად, დღეს ბიზნესი ამ შეღავათით ვეღარ სარგებლობს.

მეორე ცვლილება ტურიზმის ინდუსტრიას ეხებოდა. საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებით, 2020 წლის თებერვალში, მარტში, აპრილსა და მაისში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის გადახდა 2021 წლის პირველ დეკემბრამდე გადაუვადდა. მეტიც, ტურიზმის სექტორს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საურავი არ ერიცხებოდა.

“დღეისათვის საშეღავათო პერიოდი ამოიწურა, და ეს ხდება მაშინ, როდესაც პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემები გრძელდება და, უფრო მეტიც, ამ კუთხით სახეზეა ვითარების შემდგომი დამძიმება. ძალიან დიდი ალბათობით, მომდევნო
თვეების განმავლობაში ბიზნესს გაუჭირდება სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ხოლო სამუშაოს გარეშე დარჩენილი ადამიანები დამატებით ტვირთად დააწვება როგორც სახელმწიფოს, ასევე, ზოგადად, საზოგადოებას”, – წერია ასოციაციის განცხადებაში.

აქედან გამომდინარე, ბიზნესასოციაცია მთავრობას სთხოვს, ცვლილება შევიდეს საგადასახადო კოდექსში და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შეღავათი 2021 წლის პირველ მაისამდე გაგრძელდეს. სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიას კი ჩამოეწეროს საგადასახადო კოდექსში 22 მაისს განხორციელებული ცვლილების საფუძველზე გადავადებული და დაგროვებული საშემოსავლო გადასახადი.

“გვინდა ხაზგასმით ავღნიშნოთ, რომ ზემოაღნიშული ორივე თხოვნა პირდაპირ კავშირშია და ემსახურება ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, რაც ვფიქრობთ, უნდა იყოს ნებისმიერი ჩვენგანის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი. ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანა არის საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება, საქართველოს ბიზნესასოციაცია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, პროფესიულ დისკუსიებში ჩაერთოს ყველა მხარესთან, რათა ძალიან სწრაფად, საქართველოს ახალი პარლამენტის პირველივე სხდომებზე, მოხდეს ამ ცვლილებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება”, – აცხადებს საქართველოს ბიზნესასოციაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი