ახალი ამბები

ნუ გადადებთ ანაკლიის პორტის აშენებას — აშშ-ის წამყვანი დიპლომატი

9 სექტემბერი, 2019 • 3064
ნუ გადადებთ ანაკლიის პორტის აშენებას — აშშ-ის წამყვანი დიპლომატი

წამყვანი ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის მიმართულებით, ფილიპ რიკერი აცხადებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი საეტაპო, ისტორიული შესაძლებლობაა საქართველოსთვის და ქვეყანამ მისი აშენება არ უნდა გადადოს.

„ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით გავიმეორებ ზუსტად იმას, რაც გასულ ივნისში განაცხადა მაიკ პომპეომ მაშინდელ პრემიერთან, მამუკა ბახტაძესთან ვიზიტისას: ეს არის მნიშვნელოვანი, საეტაპო, ისტორიული შესაძლებლობა საქართველოსთვის, ვაჭრობის მდიდარი ტრადიციის, გამომგონებლობის უნარისა და მისი ჭკვიანი და განათლებული მოსახლეობის გათვალისწინებით, რომელსაც სჭირდება ასეთი პორტი, რომელიც მიიღებს სარგებელს ასეთი პორტისაგან“, — ასე უპასუხა ფილიპ რიკერმა 9 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო „რუმსში“, EPRC-ისა და ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის ერთობლივ ღონისძიებაზე დასმულ კითხვას პორტთან დაკავშირებით.

„წარმატებული შეთანხმება [პორტის ასამუშავებლად], რომელშიც ჩართული იქნებიან ამერიკელი, საერთაშორისო ინვესტორები და საერთაშორისო საფინანსო ისტიტუტები, გაგზავნის სიგნალს, რომ საქართველოს ეკონომიკა და, საერთოდაც, დემოკრატია, ცოცხალია; გაგზავნის სიგნალს მათთან, ვინც ცდილობს, შეაჩეროს და რელსებიდან გადაიყვანოს საქართველოს პროგრესი და დასავლური ორიენტაცია“, — განაცხადა რიკერმა.

რიკერის თანხმად, ანაკლიის პორტი გახსნის „უთვალავ ახალ შესაძლებლობას საქართველოსთვის, რუსეთისა და ჩინეთის გავლენებისგან დამოუკიდებლად“.

„არსებობს კალენდარი ამ პროექტის განსახორციელებლად… ნუ გადადებს ამას, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, გაუსვით ხაზი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს ძლიერებას საქართველოში და ეს მესიჯი ყველასთვის ცხადი გახადეთ. ასე რომ, იმედი გვაქვს, რომ ვიხილოთ პროგრესი ამ პროცესში, ისევე, როგორც იმედი გვაქვს, ვიხილოთ პროგრესი ყველა იმ ელემენტში, რაც აძლიერებს საქართველოს ჩართულობას და ხაზს უსვამს საქართველოს სურვილებს, მიჰყვეს დასავლურ ორიენტაცას და შეუერთდეს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებს“, — განაცხადა დიპლომატმა.

ამ საკითხზე გირჩევთ:

აშშ-ჩინეთის ინტერესთა გადაკვეთა ანაკლიაში და საქართველო

მასალების გადაბეჭდვის წესი