ახალი ამბები

ოლეგ სენცოვი თავისუფალია

7 სექტემბერი, 2019 • 1717
ოლეგ სენცოვი თავისუფალია

უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი თავისუფალია. სენცოვი, რომელსაც რუსეთის გამოძიება ტერორიზმს ედავებოდა, კიევსა და მოსკოვს შორის პატიმართა ისტორიული გაცვლის შემდეგ, უკრაინაში დაბრუნდა.

სამშობლოში დაბრუნებულ რეჟისორს კიევის ბორისპოლის აეროპორტში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ოჯახის წევრები და სხვები დახვდნენ.

ოლეგ სენცოვს რუსეთის ციხეში 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის პროტესტის ნიშნად 145 დღე შიმშილობდა.

“მედუზას” თანახმად, გაცვლის ფარგლებში, სენცოვთან ერთად რუსეთში დაპატიმრებული არაერთი მოქალაქე დაბრუნდა უკრაინაში.

მედიის ცნობით, მხარეებმა, ჯამში, 35-35 პატიმარი გაცვალეს.

“ოკუპანტის სასამართლო სამართლიანი ვერ იქნება”- სენცოვის საქმე მოკლედ

“ოკუპანტის სასამართლო სამართლიანი ვერ იქნება” – ასე დაიწყო ოლეგ სენცოვმა თავისი  სიტყვა სასამართლო პროცესზე, რომელზეც მას  20 წელი მიუსაჯეს.  სენცოვთან ერთად 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს აქტივისტ ალექსანდრ კოლჩენკოს.

ბრალდების მიხედვით, 2015 წლის გაზაფხულზე, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ბრალდებულებმა “ყირიმის რუსული თემისა” და “ედინაია როსიის” სიმფეროპოლის ოფისების გადაწყვა დაგეგმეს. გარდა ამისა, რუსეთის ფედერალური სამსახურის თქმით, სენცოვს ლენინის ძეგლის აფეთქებაც ჰქონდა განზრახული.

თავად ბრალდებულები თვლიან, რომ მათ წინააღმდეგ წარმოებული საქმე პოლიტიკურ ელფერს ატარებს, ხოლო ნივთმტკიცებულება  ფალსიფიცირებულია გამოძიების მიერ. თავად ოლეგ სენცოვის თქმით, დაკავების შემდეგ ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები მას აწამებდნენ და სცემდნენ იმ იმედით, რომ მისგან აღიარებას მოიპოვებდნენ.

“ღალატი  სიმხდალის ერთ-ერთი ფორმაა. დიდი ღალატი ზოგჯერ პატარა ასეთი სიმხდალით იწყება.. როდესაც შენ თავზე ტომარას წამოგაცმევენ და ცოტათი გცემენ, ნახევარ საათში შენ უკვე მზად ხარ უარი თქვა იმაზე, რისიც გჯერა… არ ვიცი, რად შეიძლება ღირდეს შენი ღირებულებები, თუ შენ არ ხარ მზად, მათ გამო დაშავდე ან მოკვდე,” – თქვა სენცოვმა სასამართლოზე.

გარეკნის ფოტო: Twitter/Christopher Miller

მასალების გადაბეჭდვის წესი