ახალი ამბები

უკრაინა და საქართველო არსებობდნენ პუტინამდე და იარსებებენ პუტინის შემდეგ – ოლეგ სენცოვი

21 თებერვალი, 2020 • 1924
უკრაინა და საქართველო არსებობდნენ პუტინამდე და იარსებებენ პუტინის შემდეგ – ოლეგ სენცოვი

2014-19 წლებში რუსეთში დაპატიმრებული უკრაინელი კინორეჟისორის, მწერლისა და აქტივისტის, ოლეგ სენცოვის თქმით, „უკრაინა და საქართველო არსებობდა პუტინამდე და იარსებებს პუტინის შემდეგაც“, ხოლო „პუტინი მუდმივი არაა“.

ოლეგ სენცოვი 2020 წლის 20 თებერვალს თბილისში იმყოფებოდა და ესწრებოდა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში ჩატარებულ დისკუსიას თემაზე „დეოკუპაცია: უკრაინისა და საქართველოს ერთობლივი ძალისხმევა“. შეხვედრაზე აგრეთვე იმყოფებოდნენ ანტონ კორინევიჩი – უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ნარიმან უსტაევი, ყირიმელი თათრების უფლებათა დამცველი და აქტივისტი.

„ჩვენ [უკრაინას და საქართველოს] ერთი საერთო პრობლემა გვაქვს, ვლადიმერ პუტინი, რომელიც არ გვაძლევს წყნარად ცხოვრების და განვითარების საშუალებას. საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის [ცხინვალის რეგიონის] და უკრაინის ტერიტორიების – დონბასისა და ყირიმის ოკუპაცია რუსეთის პოლიტიკის ნაწილია, ამიტომ ჩვენი სახელმწიფოები [უკრაინა და საქართველო] მოკავშირეები არიან“, – აღნიშნა სენცოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„უკრაინა და საქართველო არსებობდა პუტინამდე და იარსებებს პუტინის შემდეგ, პუტინი მუდმივი არაა, ამიტომ, ვთვლი, რომ ეს დროებით ოკუპირებული ტერიტორიებია, ადრე თუ გვიან ან შიდაპოლიტიკური ბრძოლის, ან პუტინის გარდაცვალების შედეგად რუსეთის ხელისუფლება შეიცვლება და ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთის შემდეგ ხელისუფლებას მოუწევს ამ საკითხის გადაწყვეტა. ჩვენ კი ეს საკითხი არ უნდა დავივიწყოთ, მუდმივად ვისაუბროთ მასზე და როცა რუსეთში ხელისუფლება შეიცვლება, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ“, – დაამატა მან.

ოლეგ სენცოვი არის უკრაინელი აქტივისტი, რეჟისორი და მწერალი, რომელიც რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ყირიმში, რუსეთის მიერ ანექსიის შემდეგ დააკავა. მას რუსული მხარე ტერორიზმში სდებდა ბრალს. 2015 წლის აგვისტოში სენცოვს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რის შემდეგაც რუსეთის ხელისუფლებას ხელოვნების თუ სხვა სფეროს არაერთმა წარმომადგენელმა მოუწოდა, სენცოვი გაეთავისუფლებინა. იგი უკრაინაში 2019 წელს, ოფოციალური მოსკოვისა და კიევის მიერ დაკავებული პირების გაცვლის შემდეგ დაბრუნდა.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი