ახალი ამბები

მეზღვაურები, სენცოვი, RIA-ს ჟურნალისტი და სხვები – რუსეთმა და უკრაინამ პატიმრები გაცვალეს

7 სექტემბერი, 2019 • 1209
მეზღვაურები, სენცოვი, RIA-ს ჟურნალისტი და სხვები – რუსეთმა და უკრაინამ პატიმრები გაცვალეს

2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ მოსკოვსა და კიევს შორის პატიმართა ყველაზე მასშტაბური გაცვლა შედგა. მედიის ინფორმაციით, ქვეყნებმა 35-35 პატიმარი გაცვალეს. შესაბამისი მოლაპარაკება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის რუს კოლეგას შორის მიმდინარეობდა.

მოსკოვიდან კიევში, ბორისპოლის აეროპორტში ჩასულ, უკვე ყოფილ პატიმრებს შორისაა ცნობილი უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი, რომელსაც რუსეთის გამოძიება ტერორიზმს ედავებოდა. პროტესტის ნიშნად ის 145 დღის მანძილზე შიმშილობდა და დასძენდა, რომ “ოკუპანტის სასამართლო” ვერ იქნებოდა სამართლიანი.

სენცოვის გარდა, კიევში 24 სამხედრო მეზღვაური დაბრუნდა, რომლებიც რუსულ მხარეს გასული წლის ნოემბერში ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ჰყავდა დაკავებული. მაშინ რუსულმა მხარემ ცეცხლი გაუხსნა სამ უკრაინულ გემს, რომლებიც ოდესის პორტიდან მარიუპოლისაკენ მიემართებოდნენ და ხომალდები მეზღვაურებთან ერთად დააკავა. მოსკოვი ირწმუნებოდა, რომ გემები არალეგალურად შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინული მხარე კი ამბობდა, რომ ეს საერთაშორისო წყლები იყო.

ზემოაღნიშნულ პირთა გარდა, სამშობლოში კიდევ 10 უკრაინელი დაბრუნდა, რომელთაც კიევი, დანარჩენების მსგავსად, პოლიტპატიმრებად მიიჩნევდა.

რუსეთში უკრაინიდან პატიმრობიდან გათავისუფლებული 35 ადამიანი გაემგზავრა. რუსული “რია ნოვოსტის” ცნობით, მათ შორის არის ამავე გამოცემის უკრაინული სამსახურის რედაქტორი კირილ ვიშინსკი. ის 2018 წელს დააკავეს და ბრალად დასდეს უკრაინის აღმოსავლეთით მოქმედი შეიარაღებული მებრძოლების მხარდაჭერა, ასევე, ყირიმში რუსეთის პოლიტიკის მხარდაჭერა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება. ვიშინსკი 28 აგვისტოს გაათავისუფლეს პატიმრობიდან, თუმცა სასამართლო პროცესების გამო ქვეყანას ვერ ტოვებდა. მისი თქმით, უდანაშაულოა და აპირებს, ეს დაამტკიცოს.

ეს პატიმართა პირველი მასშტაბური გაცვლაა ორ ქვეყანას შორის, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და უკრაინის აღმოსავლეთით კრემლის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების გააქტიურების შემდეგ. მიმდინარე კონფლიქტს 13 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. რუსეთი ამტკიცებს, რომ სეპარატისტებს პირდაპირ დახმარებას არ უწევს და ადგილზე მხოლოდ რუსი “მოხალისეები” მოქმედებენ.

ფოტო გარეკანზე: Reuters

ოლეგ სენცოვი თავისუფალია

მასალების გადაბეჭდვის წესი