ახალი ამბებისაზოგადოება

უცნობი კარლა სერენა და მისი გრავიურები საქართველოზე

7 სექტემბერი, 2019 •
უცნობი კარლა სერენა და მისი გრავიურები საქართველოზე

ავტორი: სულხან სალაძე

1882 წლის მარტში გაზეთი „დროება“ ცნობილი ქალი მოგზაურის, კარლა სერენას საქართველოსა და სპარსეთში მოგზაურობის შესახებ იუწყებოდა. ეს ის დრო იყო, როდესაც კარლა სერენას მოგზაურობის დიდი ნაწილი უკვე დასრულებული ჰქონდა და შთაბეჭდილებებსა და ჩანახატებს გამოსაცემად ამზადებდა.

1882 წლის „დროების“ შეტყობინების შემდეგ დიდი დრო გავიდა, თუმცა ჩვენში ბევრი არაფერია ცნობილი კარლა სერენას მოგზაურობის შესახებ. არადა, 1870-1880-იან წლებში საქართველოსთან დაკავშირებით ევროპულ ილუსტრირებულ გაზეთებსა და ჟურნალებში გამოქვეყნებული ჩანახატების უმეტესობა სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული.

კარლა სერენა 1820 წელს ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში დაიბადა. მისი პირველი სახელი კაროლინა ჰარტოგ მორგენშტეინი იყო და ძირითადად საფრანგეთში იზრდებოდა. 1847 წელს მდიდარ ვენეციელ სატრანსპორტო და სადაზღვევო საქმიანობის ბროკერ – ლეონ სერენას გაჰყვა ცოლად. ქორწინებიდან ორი წლის თავზე, 1849 წელს, ვენეციის დატოვება მოუხდა, ჯერ შვეიცარიაში ცხოვრობდა, მერე – ანტვერპენსა და პარიზში, 1850-იანი წლებიდან კი ლონდონში დასახლდა.

კარლა სერენას მოგზაურობა 1874 წლის აგვისტოდან იწყება, როდესაც 54 წლის კარლამ შვედეთის, რუსეთის იმპერიის, საბერძნეთის, ოსმალეთის, ეგვიპტის, სირიის, ლიბანისა და წმინდა მიწის მონახულება გადაწყვიტა. პრაქტიკულად, ამ დროიდან მოყოლებული გარდაცვალებამდე, ანუ 1884 წლამდე, კარლა სერენამ სიცოცხლის დარჩენილი წლები მოგზაურობაში გაატარა.

1875 წლის ნოემბერში კონსტანტინეპოლში მყოფმა კარლა სერენამ საქართველოსაკენ აიღო გეზი. გეგმის თანახმად გემს, რომლითაც კარლა მგზავრობდა, ღუზა ფოთში უნდა ჩაეშვა, თუმცა უამინდობის გამო გემი ჯერ ტრაპიზონში შეჩერდა, მოგვიანებით კი  – ბათუმში. შესაბამისად, ბათუმი საქართველოს პირველი ქალაქი იყო, რომელიც კარლას უნდა ენახა, თუმცა 1875 წელს ბათუმი ჯერ ისევ ოსმალეთს ეკავა.

კარლა სერენას საქართველოში მოგზაურობა 1876 წლის იანვრიდან იწყება. ჯერ იმერეთი მოინახულა, შემდეგ – სამეგრელო, სამურზაყანო და აფხაზეთი. ამის შემდეგ მცირე ხნით დატოვა საქართველო და ჩრდილოეთ კავკასიის გავლით, დარიალიდან ისევ საქართველოში დაბრუნდა. 1877 წელს კახეთის ჯერი დადგა, მოგვიანებით ასევე –  ახალციხის, ბორჯომისა და გურიის. იმავე წლის მიწურულს კარლა თბილისში დაბრუნდა.

1881 წელს კარლა სერენა მეორედ ეწვია საქართველოს და სწორედ მაშინ მოამზადა ფოტოები და ჩანახატები, რომლებიც მოგვიანებით ფრანგულ ჟურნალ – „Le Tour du Monde“-ში გამოქვეყნებულ სტატიებს დაერთო თან. მთლიანობაში თერთმეტი სტატია გამოქვეყნდა, რასაც ათეულობით ილუსტრაცია ერთვოდა. შეიძლება ითქვას, რომ კარლას სტატიების მთავარი ღირსება არის სწორედ ეს ილუსტრაციები, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვან ამბებს გვიამბოს, ვიდრე თავად სტატიები. თემატიკის თვალსაზრისით, ილუსტრაციები მოიცავს როგორც ციხეებს, ეკლესიებს, ქალაქების ხედებსა და პეიზაჟებს, ასევე სხვადასხვა წარმომავლობისა თუ სოციალური ფენის ადამიანებს, ოჯახური წვეულებებისა და  ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ სიუჟეტებს.

მიუხედავად იმისა, რომ კარლა სერენას მოგზაურობის ამსახველი ჩანაწერები და ათეულობით ილუსტრაცია მნიშვნელოვანი წყაროა 1870-1880-იანი წლების საქართველოს შესახებ, სრული სახით ქართულ ენაზე მისი ნახვა შეუძლებელია. ცალკე აღებული გაბნეული ილუსტრაციების პოვნა და ბეჭდური ორიგინალების შეძენა კი ინტერნეტში, სხვადასხვა მისამართზე შეიძლება.

ძალიან გამიმართლა, როცა 2019 წლის მაისში გერმანიაში, ქალაქ კიოლნის მახლობლად, წარმოუდგენლად დაბალ ფასად კარლა სერენას მოგზაურობის ამსახველი 50-ზე მეტი ილუსტრაციის შეძენა მოვახერხე.

კარლა სერენა

მთავარი ფოტო: ილუსტრაცია – „მევენახეების სახლი სიღნაღის შემოგარენში”

____

მასალა მომზადებულია პროექტის – „ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერება მოქალაქეთა ინფორმირების გზით“ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამა]. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი