ახალი ამბები

ჯანდაცვის კომიტეტი შვილად აყვანაზე შეზღუდვებისთვის კანონპროექტზე მუშაობას აგრძელებს

2 მარტი, 2015 •
ჯანდაცვის კომიტეტი შვილად აყვანაზე შეზღუდვებისთვის კანონპროექტზე მუშაობას აგრძელებს

ამ საკითხთან დაკავშირებით ხუნდაძემ დღეს, 2 მარტს, კომიტეტის 2015–2016 წლების სამოქმედო გეგმის წარდგენაზე ისაუბრა. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კომიტეტს რამდენიმე მთავარი მიმართულება ექნება, მათ შორის, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის საკანონმდებლო უზრუნველყოფა, დემოგრაფიული პოლიტიკის განხორციელება, ასევე, პროექტები შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მიმართულებით.

 

ხუნდაძის განცხადებით, შვილად აყვანის კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის დისბალანსი შვილად აყვანის მსურველსა და გასაშვილებელ ბავშვთა ოდენობას შორის:

 

“დღეს ქვეყანაში დარეგისტრირებულია შვილის აყვანის მსურველი დაახლოებით 3 000 ოჯახი და გასაშვილებელ ბავშვთა რაოდენობა წელიწადში არის დაახლოებით 200–250 ბავშვი. წარმოიდგინეთ, დღეს რომ დარეგისტრირდეს ასეთი ოჯახი,  მას შეიძლება 8–10 წელი დასჭირდეს იმისთვის, რომ შვილად აიყვანოს ბავშვი,”– ამბობს ხუნდაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

 

ამიტომ, მისი თქმით, ბავშვის ასაყვანად რეგისტრაციისთვის მხოლოდ სურვილი არ არის საჭირო და საჭიროა სხვა კრიტერიუმების შემოღებაც. ხუნდაძე ასეთებად ასახელებს ოჯახის ფსიქოემოციური სტრუქტურის შესწავლას, მის სოციალურ–ეკონომიკურ ვითარებას და შვილად აყვანის მსურველთა ასაკობრივი ზღვარის დაწესებას.

დიმიტრი ხუნდაძე წარადგენს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 2015–2016 წლებსი სამოქმედო გეგმას. ფოტო - UNDP Georgia. 02.03.2015
დიმიტრი ხუნდაძე წარადგენს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 2015–2016 წლებსი სამოქმედო გეგმას. ფოტო – UNDP Georgia. 02.03.2015

“მნიშვნელოვანია ასაკობროვი ზღვარის დაწესება ისევ იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები იყოს დაცული. არის შემთხვევები, როდესაც ასაკოვან მშობელს აჰყავს მცირე ასაკის ბავშვი და სულ რამდენიმე წელში მცირეწლოვანი ბავშვი ხდება ასაკოვანი მშობლების მომვლელი და მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორია,“– ამბობს კომიტეტის თავმჯდომარე.

 

მისი განცხადებით, კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტეში დაახლოებით 8 შეხვედრა გაიმართა და კიდევ 2–ის ჩატარება იგეგმება. ამის შემდეგ საბოლოო ვარიანტი განსახილველად პარლამენტს წარედგინება.

 

ჯანდაცვის კომიტეტის პრიორიტეტად კვლავ რჩება საყოველთაო დაზღვევა. ასევე, კომიტეტის მომდევნო 2 წლის სამოქმედო გეგმა ითავლისწინებს კანონშემოქმედებით მუშაობას შემდეგი მიმართულებებით: შშმ პირთა უფლებების კონვენციასთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა, მოზარდებისთვის აივ/შიდსის მომსახურების მიწოდების მარეგულირებელი ბარიერის აღმოფხვრა, ძუძუთი კვების ხელშეწყობა, შრომითი უსაფრთხოება, ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვების უფლებათა დარღვევისა და მომსახურების ხელმისაწვდომობისთვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და ა.შ.

 

“მე ვფიქრობ, რომ პარლამენტის მიერ წარმოდგენილი გეგმა სრულად, კომპლექსურად ასახავს მთავარ საჭიროებებს,”– განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

 

ჯანდაცვის კომიტეტის 2015–2016 წლების სამოქმედო გეგმა პარლამენტის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის ხელშეწყობით გამოიცა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი