არ რეგულირდება ჟურნალისტების იდენტიფიცირება — გახარია 20 ივნისის აქციის დაშლაზე

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებს აქციებისას ჟურნალისტების იდენტიფიცირებას.

6 სექტემბერს პარლამენტარ სერგი კაპანაძის კითხვაზე, აქციის დარბევისას იყო თუ არა მითითება, რომ 20-21 ივნისის დემონსტრაციისას ჟურნალისტების მისამართით ტყვიები არ გამოეყენებინათ, გახარიამ უპასუხა:

—„ესეც სამწუხარო ფაქტია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს კანონმდებლობაში არ ხდება მასობრივი ღონისძიების დროს რეგულირება ჟურნალისტების რაიმე სახით იდენტიფიცირების. არცერთი შემთხვევა იქ გამიზნულად ჟურნალისტების [დაზიანებისა არ ყოფილა]“…

—„ანუ კამერიანი ადამიანი რომ ჟურნალისტია და ხელში რომ მიკროფონი უჭირავს, ამის იდენტიფიცირება არ ხდება?.. გადაწყვეტილება რომ მიიღეთ, რომ ტყვიები გამოგეყენებინათ, იყო თუ არა გადაწყვეტილება მიღებული, რომ მათ შორის გადაწყვეტილება, ყოფილიყო გამოყენებული ძალა ჟურნალისტების წინააღმდეგ“? — ჰკითხა კაპანაძემ.

—„არა, რა თქმა უნდა“, — უპასუხა გახარია და შემთხვევითობა უწოდა 30-ზე მეტი ჟურნალისტის დაშავებას.

„მითითება იყო კონკრეტული, რომ ჟურნალისტებს მოპყრობოდნენ მაქსიმალურად, არ მინდა ეს სიტყვა გამოვიყენო… რა თქმა უნდა, იყო ასეთი მითითება“. თუმცა მან თქვა, რომ არ არსებობს წერილობითი მითითება: „შეუძლებელი იყო, ეს წერილობით ყოფილიყო“.

20-21 ივნისის მოვლენებისას აქციის დაშლის შედეგად 30-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა.

გარეკანის ფოტოზე: აქციის დარბევისას დაშავებული ფოტოგრაფი გურამ მურადოვი. ფოტო: მისივე ფეისბუკის გვერდიდან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com