მარგველაშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეშიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა ნიშნით სტიგმატიზებული ადამიანები დევნასა და შევიწროებას კვლავაც განიცდიან.
“ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებმა, რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილმა კონფლიქტებმა, ჰომოფობიის ცალკეულმა გამოვლინებებმა და სხვა დრამატულმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ამ სენისგან სრულად თავისუფალი არც ჩვენი საზოგადოებაა,”– ნათქვამია მარგველაშვილის Facebook გვერდით გავრცელებულ განცხადებაში.
პრეზიდენტის განცხადებით, დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად საზოგადოების თითოეული წევრის ძალისხმევა არის საჭირო:
“ჩვენ მოვალენი ვართ საფუძვლებშივე გავაცნობიეროთ სახიფათო ტენდენციები და წინ აღვუდგეთ დისკრიმინაციისა და თავისუფლების ხელყოფის ნებისმიერ გამოვლინებას. ამ პროცესში ჩვენ ვერ გამოვყოფთ ერთ რომელიმე ინსტანციას, რომელსაც სრული პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა. რასაკვირველია, ხელისუფლება უმთავრესია, ვინც კანონის უზენაესობა და ადამიანთა თანასწორობა უნდა უზრუნველყოს, მაგრამ ასევე აუცილებელია საზოგადოების თითოეული წევრის ძალისხმევა, რათა საქართველო იყოს ქვეყანა, როგორადაც მას ილია ჭავჭავაძე აღწერს: მშვიდობის – მყოფელი სავანე და სინდისის თავისუფლების ადგილი ყველასათვის, მიუხედავად სარწმუნოებრივი, მსოფლმხედველობრივი თუ სხვა სახის განსხვავებულობისა,”– აცხადებს მარგველაშვილი
ნულოვანი დისკრიმინაციის დღეს საერთაშორისო საზოგადოება 1 მარტს აღნიშნავს.