ახალი ამბები

„ევროპული საქართველო“ და ენმ გახარიას 6 სექტემბერს ფრაქციის ფორმატში მოუსმენენ

5 სექტემბერი, 2019 • 1731
„ევროპული საქართველო“ და ენმ გახარიას 6 სექტემბერს ფრაქციის ფორმატში მოუსმენენ

ოპოზიციური საპარლამენტო პარტიები, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, ბოიკოტის მიუხედავად, პრემიერობის კანდიდატს, გიორგი გახარიასა და მთავრობის წევრების სხვა კანდიდატებს 6 სექტემბერს მაინც მოუსმენენ ფრაქციების ფორმატში.

„მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტებზე და პლენარული სხდომის ფორმატში [გიორგი] გახარიას მთავრობის მოსმენას არ ვაპირებთ, ხვალ „ევროპული საქართველო“ გახარიას და მის კაბინეტს ფრაქციის ფორმატში მიიღებს“, — დაწერა ფეისბუკზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ. „ამას ვაკეთებთ ერთადერთი მიზეზით — დავუსვათ მას ის მძიმე კითხვები, რაც საზოგადოებას აქვს 20 ივნისთან დაკავშირებით“, — წერს ის.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ მართალია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კომიტეტებზე და პლენარული სხდომის ფორმატში არ მოუსმენს გახარიას, თუმცა, „მხარდამჭერების თხოვნით, ფრაქციამ შეცვალა გადაწყვეტილება და მთავრობას ხვდება ხვალ ფრაქციის ფორმატში“.

ენმ-სთან მთავრობის შემადგენლობის შეხვედრა 6 სექტემბერს, 10:00-დან 13:00 საათამდეა ჩანიშნული, „ევროპულ საქართველოსთან“ კი, 14:00-დან 17:00 საათამდე.

7 სექტემბერს დაგეგმილია, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობას ამავე ფორმატში 10:00 საათზე შეხვდება საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“, ხოლო 14:00 საათზე- „ქართული ოცნება“.

საქართველოს პარლამენტმა 4 სექტემბერს დაიწყო ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი, რომელიც 8 სექტემბერს კენჭისყრით უნდა დასრულდეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადადგომის შესახებ 2 სექტემბერს ფეისბუკზე დაპოსტა, 3 სექტემბერს კი პრემიერობის ახალ კანდიდატად „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაასახელა.

პრემიერის გადადგომით გადაყენებულად ითვლება მთავრობის მთელი შემადგენლობა. შესაბამისად, პარლამენტი განიხილავს და უსმენს მთავრობის ახალ შემადგენლობას.

მთავრობის ახალ შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრის პოსტს გიორგი გახარია დაიკავებს, შს მინისტრისას – სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრის პოსტს კი – ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობაში სხვა ცვლილება არ იგეგმება.

8 სექტემბერს, კვირას, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების მიზნით კენჭისყრით უნდა დასრულდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი