ნატოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ალექსანდრე მაისურაძე, ხოლო საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე იოსებ ნანობაშვილი დასახელდა.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სამინისტროს სპიკერის ინფორმაციით, ალექსანდრე მაისურაძე არის კარიერული დიპლომატი, მან თავისი კარიერა 1998 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო და მთელი მისი საქმიანობა ცენტრალურ აპარატში დაკავშირებული იყო უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველო-ნატოს ურთიერთობებთან.
2008-2012 წლებში ალექსანდრე მაისურაძე იყო ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე, 2005-2008 წლებში მუშაობდა უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, შემდეგ კი, დირექტორად. 2012 წლის თებერვლიდან დღემდე ალექსანდრე მაისურაძე მუშაობს ავსტრიაში საქართველოს საელჩოს და ევროპის უსაფრთოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილედ.
სამინისტროს სპიკერის ინფორმაციით, იოსებ ნანობაშვილი კარიერული დიპლომატია და გააჩნია საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. კერძოდ, იოსებ ნანობაშვილი 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე არის საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ავსტრიაში, რუმინეთში, ბენელუქსის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში.