სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილს მიაჩნია, რომ ერგნეთის ბაზრობის დახურვა შეცდომა იყო.
5 სექტემბერს ციხელაშვილი პარლამენტის წინაშე წარდგა, როგორც ახალი მთავრობის მინისტრობის კანდიდატი. პარლამენტარის, დავით მათიკაშვილის კითხვაზე პასუხად, იგეგმება თუ არა „ერგნეთის ბაზრობის“ მსგავსი ინიციატივა, ციხელაშვილმა განაცხადა:
„არის ჩვენს სამშვიდობო ინიციატივაში ასეთი ინსტრუმენტიც, — თავისუფალი ეკონომიკური ზონა, — თუმცა ეს ყველაფერი გაკეთდება მას შემდეგ, რაც სავაჭრო ურთიერთობები, დღევანდელი დაბრკოლებების მიუხედავად, გარკვეულ დინამიკას შეიძენს“. შემდეგ თქვა:
„ერგნეთის ხსენება ცოტა მტკივნეულია ჩემთვის იმიტომ, რომ მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ თავის დროზე ამ თვითნაბადი, თუნდაც ჩრდილოვანი, მექანიზმის ძალისმიერად მოშლა იყო ძალიან დიდი შეცდომა. ვმუშაობდი რა სახელმწიფო მინისტრის წინამორბედ აპარატში, კარგად მახსოვს, რამდენად შეუთანხმებლად იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული და რამდენად მძიმე შედეგები მოჰყვა მას“.
ერგნეთის ბაზრობა, რომელიც ჩრდილოვანი ეკონომიკის ერთ-ერთი წყარო იყო, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2004 წელს დაიხურა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილი გორის მოსახლეობას ერგნეთის ბაზრობის აღდგენას ჰპირდებოდა. 15 ივლისს, გორში ვიზიტისას, მან განაცხადა. რომ „ამ ბაზრობის წყალობით წლების წინ ქართველებმა და ოსებმა შეძლეს ურთიერთობის აღდგენა და ეს ურთიერთობა ბუნებრივ კალაპოტს უბრუნდებოდა… მაშინ მათ, ქართველებმა და ოსებმა, თავიდან აღმოაჩინეს, რომ თურმე ერთმანეთი ძალიან სჭირდებოდათ“.