ახალი ამბები

გახარიას ადგილზე შეიძლება პანკისში მეტი სპეცრაზმელი შემეყვანა — გომელაური 21 აპრილზე

5 სექტემბერი, 2019 • 3013
გახარიას ადგილზე შეიძლება პანკისში მეტი სპეცრაზმელი შემეყვანა — გომელაური 21 აპრილზე

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ 21 აპრილს, პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტისას შეიძლება სპეცრაზმი უფრო დიდი რაოდენობით შეეყვანა ხეობაში, ვიდრე მის წინამორბედს, გიორგი გახარიას.

ვახტანგ გომელაური 5 სექტემბერს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე წარდგა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი. ამ დრომდე ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა. პარლამენტარი ნატო ჩხეიძის კითხვაზე პასუხად პანკისის მოვლენებთან დაკავშირებით მან განაცხადა:

„პანკისის თემაში უნდა ჩარეულიყო პოლიცია და უნდა შესულიყო. მე სხვა რამე ვთქვი და არ მეშინია ამის გამეორება: შეიძლება, ამ გადმოსახედიდან, უფრო მეტი შემეყვანა სპეცდანიშნულების რაზმი, ვიდრე იქ იყო“. გომელაურმა „სპეციფიკური ხეობა“ უწოდა პანკისს და თქვა, რომ იქ „მეტი სამუშაო იყო ჩასატარებელი“; არ იტყვის, რომ რაც მოხდა, შსს-ს ან სუს-ის შეცდომა იყო, თუმცა ამას მთლიანად ხელისუფლების შეცდომად მიიჩნევს.

„უნდა გვემუშავა იმ კომპანიასთანაც, რომელიც შესული იყო და უნდა აეშენებინა [ჰესი]. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ შედის კომპანია, უწვავენ ექსკავატორს, უწვავენ ტექნიკას, ხელით ეხებიან, ვთქვათ, მის თანამშრომლებს, რა თქმა უნდა, პოლიცია უნდა შესულიყო და უნდა დაეცვა. თავიდან არ შეუვყანია მას, თავიდან შევიდა 30-35 კაცი და შემდეგ რომ დაიძაბა სიტუაცია, სპეცდანიშნულების რაზმები [შემდეგ შევიდა]. მეც იგივეს გავაკეთებდი და, რა თქმა უნდა, შევიყვანდი სპეცდანიშნულების დანაყოფს“, — განაცხადა გომელაურმა.

პანკისის მოსახლეობა თვეების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ხეობის სოფელ ძიბახევში ხადორი ჰესის მშენებლობას. 21 აპრილს, როდესაც კომპანიამ ასაშენებლად ტექნიკა შეიყვანა და მშენებლობას იწყებდა, ადგილობრივებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

ამ პირველი დაპირისპირების შემდეგ, როდესაც ხეობის მოსახლეობის ნაწილი თელავში წავიდა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე, ხოლო ადგილობრივები ძიბახევში ელოდნენ მოლაპარაკებების დასრულებას, ხეობაში სპეცდანიშნულების რაზმი შემოვიდა. ამის შემდეგ დაიწყო შეტაკება მოსახლეობასა და სპეცრაზმს შორის. დაპირისპირების შედეგად დაზიანდა პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

„რაც ხდება, შინაგან საქმეთა სამინისტრო და უსაფრთხოების სამსახური არის ერთი ორგანიზმი. მის გარეშე ვერც ერთი უწყება ვერ იფუნქციონირებს. არის დიდი პრობლემა, რომ ყველა ცალ-ცალკე წავიდეს. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენც [სუს-ი], როგორც 20 ივნისის თემაზე, თუ რამე დაშავდა და გაფუჭდა. ხაზს ვუსვამ — თუ რამე გაფუჭდა, რა თქმა უნდა“.


„ის, რაც პანკისთან დაკავშირებით ბატონმა გომელაურმა თქვა, ადასტურებს იმას, რომ მას და ალბათ მთავრობასაც, სათანადოდ არ აქვს გააზრებული ის შეცდომები, რაც პანკისის ხეობაში დაუშვეს“, – ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის იურისტი თამთა მიქელაძე შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის განცხადებას.

რაზე მიგვანიშნებს გომელაურის განცხადება პანკისზე

მასალების გადაბეჭდვის წესი