BBC–ის ცნობით, ამ საკითხზე დებატები მაშინ დაიწყო, როდესაც შოტლანდიელმა მომღერალმა კატლინ მაკნეილმა საკუთარ თამბლერის ბლოგზე კაბის ფოტო დაპოსტა.
“ჩემი ორი მეგობარი დაქორწინებას აპირებდა და მთხოვეს, რომ ბენდთან ერთად მათ ქორწილში დამეკრა. ქორწილამდე 1 კვირით ადრე საპატარძლოს დედამ გაუგზავნა კაბის ფოტო, რომლის ჩაცმასაც ის ქორწილში აპირებდა. როდესაც მან ეს ფოტო თავის საქმროს აჩვენა, ვერ შეთანხმდნენ, თუ რა ფერის იყო კაბა რეალურად. ერთი ამბობდა, რომ ეს იყო თეთრი და ოქროსფერი, მეორე კი – ლურჯი და შავი,”– ამბობს მაკნეილი.
როგორც მომღერალმა თქვა, მათ ამ კაბის არსებობა საერთოდ დაავიწყდათ, სანამ რეალურად არ ნახეს, რომ ქორწილში პატარძლის დედას შავი და ლურჯი ფერის კაბა ეცვა.
Nytimes–ის ცნობით, ნახევარ საათში მაკნეილის პოსტმა 500–მდე “მოწონება” და “გაზიარება” დააგროვა, 1 საათში კი ამ მაჩვენებელმა ათობით ათასს მიაღწია. ფოტო გადავიდა BuzzFeed–ზე, Facebook–ზე, Twitter–ზე და განხილვაში – თუ რა ფერის არის კაბა, ასობით ათასი ადამიანო ჩაერთო.
იმას, რომ ადამიანები კაბას სხვადასხვა ფერად აღიქვამენ, AsapSCIENCE შემდეგნაირად ხსნის:
“ამ ფოტოზე გარემო ძალიან არამკაფიოა. ფოტო კაბისგან იმდენად ახლოს არის გადაღებული, რომ არ გვაქვს ინფორმაცია გარემოს განათების შესახებ. ამიტომაც გონებამ უნდა გააკეთოს დაშვება, თუ რა პირობებშია ობიექტი. ვინც ამ კაბას თეთრად და ოქროსფრად ხედავს, ეს ნიშნავს, რომ მათი გონება განათების პირობებად მკაფიოდ, ცისფრად განათებულ ოთახს მიიჩნევს. ამ დაშვებით ადვილია მივხვდეთ, რომ ნეიტრალურ განათებაში კაბა მართლაც თეთრი იქნებოდა. ხოლო ისინი, ვინც ამ კაბას შავად და ლურჯად ხედავს, მათი დაშვებით, გარემო ხელოვნურად, ყვითელი სინათლით არის განათებული და, შესაბამისად, ოქროსფერი აქ მოჩანს, როგორც შავისგან არეკლილი ყვითელი შუქი,”– ნათქვამია AsapScience-ის ვიდეოში.
BuzzFeed–ზე კაბის შესახებ სტატია 27 მილიონამდე ადამიანმა წაიკითხა და ამავე საიტზე განთავსებული გამოკითხვის თანხმად, 71% (1.7 მილიონი ადამიანი) ფიქრობს, რომ კაბა ოქროსფერი და თეთრია, ხოლო გამოკითხულთა 21%–მა (700 ათასამდე ადამიანმა) დააფიქსრა, რომ კაბა ლურჯი და შავია.
თქვენ როგორ ხედავთ? რა ფერისაა კაბა? გაგვიზიარეთ კომენტარებში