საზოგადოება

როგორ გადავცვალოთ ქაღალდის სკრეპი ელექტრომობილში — ჟორას ამბავი

11 თებერვალი, 2022 • 3041
როგორ გადავცვალოთ ქაღალდის სკრეპი ელექტრომობილში — ჟორას ამბავი

შესაძლებელია, ქაღალდის სკრეპი ელექტრომობილში გადაიცვალოს? — ეს კითხვა რამდენიმე თვის წინ საკუთარ თავს დაუსვა 28 წლის იუმორისტმა და ვიდეობლოგერმა, რომელსაც ყველა იცნობს ჟორა კეისარის სახელით.

ჟორამ მალევე გადაწყვიტა, რომ იდეა რეალობად ექცია, 2021 წლის 10 სექტემბერს შექმნა ფეისბუკ ჯგუფი
„სკრეპი ↔️ ელექტრომობილში“ და ვიდეოებით ნივთების გადაცვლის მსურველების ძებნა დაიწყო.

დღეს, პირველი ვიდეოს გადაღებიდან 6 თვის თავზე, ჟორას უკვე აქვს 700 ლარის ღირებულების ველოსიპედი და მომდევნო გაცვლას ელოდება.

გზა ელექტრომობილამდე

ნეტგაზეთთან ინტერვიუში ჟორა იხსენებს, რომ ქაღალდის სკრეპის ძვირფას ნივთამდე გაცვლის შესახებ პირველად ბავშვობისას შეიტყო. მისი შთაგონების წყარო კანადელი კაილ მაგდონალდი იყო, რომლემაც 2006 წელს სკრეპი 2-სართულიან სახლში გადაცვალა, თანაც, ერთ წელიწადში.

„ეს ამბავი მალევე გავრცელდა და კაილს ბევრმა მიბაძა. ბევრს გამოუვიდა, ბევრს არა. 2006 წელს არა, მაგრამ მალევე მეც გავიგე ამ ამბის შესახებ და მეც მომინდა იგივეს გაკეთება. რა თქმა უნდა, არსებობდა ის განწყობაც, რომ საქართველოში ეს არ გამოვიდოდა, მაგრამ ერთ დღესაც, გასული წლის სექტემბრის დასაწყისში სამსახურში რომ მივდიოდი, გზაში „სკრეპი“ ვიპოვე. ავიღე ხელში, შემდეგ მიწაზე დავაბრუნე, ამოვიღე ტელეფონი, რათა გადამეღო, თუ როგორ ვიღებდი, რომ ეს მომენტი შემდეგ ვიდეომიმართვაში ჩამესვა. ეს შემთხვევა ჩავთვალე რაღაც ნიშნად, რომ დამეწყო. ჩემს თავს თითქოს მივეცი დასტური, რომ აი, უნდა დამეწყო.

10 სექტემბერს გავაკეთე ფეისბუკზე ჯგუფი „სკრეპი ელექტრომობილში“. დავდე პირველი ვიდეომიმართვა, სადაც ავხსენი, რას ვაპირებდი და ვიკითხე, ვინ რაში გამიცვლიდა სკრეპს“, — იხსენებს ჟორა კეისარი.

ვიდეოს სწრაფად მოჰყვა გამოხმაურება. ჟორა ამბობს, რომ ბევრი შემოთავაზება მიიღო და ყველა ეს შემოთავაზება კარგი იყო, რადგან მას ხელში უბრალო სკრეპი ჰქონდა, რომელიც 10 თეთრიც კი არ ღირს. მალევე პირველი გაცვლაც შედგა — ქაღალდის სკრეპი ჟორას ხელნაკეთი სათამაშოების მაღაზიამ ხის სათამაშო თოფში გადაუცვალა — „ეს სუფთად დახმარების ამბავი იყო, პროექტს შეუწყვეს ხელი“.

ამის შემდეგ კიდევ 5 გაცვლა შედგა, მათი ქრონოლოგია ასეთია:

ქაღალდის სარჭი ➡️ სათამაშო თოფი ➡️რესტორნის ვაუჩერი ➡️ ჰუდი და ე.წ. პეტლიჩკა (მიკროფონი) ➡️„გეიმინგ“ კომპიუტერის ჩარჩო ➡️ველოსიპედი ➡️ უკეთესი ველოსიპედი;

ჟორა განმარტავს, რომ გაცვლების მთავარი პრინციპია, ადამიანებმა ერთმანეთისთვის საჭირო ნივთებიი მიიღონ, თანაც ისე, რომ წაგებულში არავინ დარჩეს:

„ადამიანი ჩემს ნივთს უფრო ძვირიან ნივთში მიცვლის იმის ხარჯზე, რომ ჩემი ნივთი მას ამ წამს უფრო სჭირდება, ვიდრე მისი ფასით უფრო მეტი ნივთი. შესაბამისად, მისთვის ჩემი ნივთი უფრო ღირებულია“.

გარდა ფეისბუქისა და Youtube არხისა, ჟორა აქტიურობს tiktok-ზეც, სადაც თითქმის 29 ათასი გამომწერი ჰყავს. მოქალაქეები ჟორას სწორედ სოციალური ქსელების მეშვეობით პოულობენ. თუმცა, ზოგჯერ კომუნიკაციის დამყარება რთულია და სხვადასხვა გამოწვევასთანაა დაკავშირებული. ჟორას თქმით, სწორედ ეს არის პროცესის ყველაზე დიდი სირთულე.

გარდა ამისა, ჟორას ვიდეოებსა თუ პოსტებზე ხშირად ტოვებენ ნეგატიურ კომენტარებსაც.

„უარყოფითი რეაქციები მოდის საკმაოდ. მე, რა თქმა უნდა, ყველას ვნახულობ. ახლა ვინმე „ჰეითერი“ თუ ნახავს, იცოდეთ, რომ ყველა „ჰეითი“ [ინგ. ზიზღი] გამიგია, კომენტარებს სათითაოდ ვეცნობი. უბრალოდ, ვფილტრავ ასეთ კომენტარებს, რათა საერთო განწყობა არ გაფუჭდეს და ვინმეს გაცვლის პროცესის მიმართ ინტერესი არ დაეკარგოს“, — უთხრა ჟორამ ნეტგაზეთს..

კითხვაზე, ამ პროცესის ყველაზე სასიამოვნო ნაწილი რა არის, ჟორა გვპასუხობს, რომ ეს ადამიანების მხარდაჭერაა, მათ შორის, სითბო იმ ხალხისგან, ვისაც ის რეალურ ცხოვრებაში არ იცნობს.

„ოჯახის წევრი ან ახლობელი რომ შეგაქებს, ეგ კი სასიამოვნოა, მაგრამ უფრო მოსალოდნელია, ასე ვთქვათ. და საერთოდ, უცხო ადამიანი რომ მოდის და გეკითხება, აბა, რას შვრები, რა ეტაპზე ხარო, გამხნევებს, გვერდში დადგომას რომ ცდილობს – ეს სულ სხვაა. მაგალითად, რომ მოდიან და გეუბნებიან, მოდი, შენს ვიდეოებს გავაზიარებ, მეგობრებს ვეტყვი და ა.შ. ძალიან ბევრი ადამიანი მწერს ამას და ყველაზე დიდი სიამოვნება ეს არის ჩემთვის.

ასევე ძალიან სასიამოვნოა, რომ მეც ისევე გავხდი ინსპირაცია ზოგისთვის, როგორც თავის დროზე ჩემთვის გახდა ის კანადელი. ჩემი ვიდეოების მერე რამდენიმე ადამიანმა დაიწყო ნივთების გაცვლა და, რაც მთავარია, მეკონტაქტებიან. მეც შეძლებისდაგვარად ვეხმარები და რჩევებს ან რეკომენდაციებს ვაძლევ ხოლმე. და, რა თქმა უნდა, უშუალოდ გაცვლის პროცესიც ძალიან მომწონს. აი, მოლაპარაკებები ხალხთან, გაცვლა-გამოცვლის პროცესი. ყველაფერი ეს ერთად“, — ამბობს ჟორა.

ჯერჯერობით მართვის მოწმობა არ აქვს, შესაბამისად, დავუსვით კითხვა, მაშინ რატომ ელექტრომობილი? რაზეც მან გვიპასუხა:

„ელექტრომობილი იყო პირობითი დათქმა, ამიტომ არ დამიკონკრეტებია არც მოდელი და არც მწარმოებელი. უბრალოდ დავთქვი, რადგან არ მინდოდა, კაილ მაგდონალდის ფორმულა ერთი ერთში გადამეღო. რადგან მან ბინაში გადაცვალა, ვიფიქრე, რომ მოდი, ბინა არ იყოს და სხვა, ძნელად საშოვნელი ნივთი, რაც იმწამს გამახსენდა, ელექტრომობილი იყო, რომელიც საქართველოში არცთუ ისე ბევრია.

ჩემთვის მთავარი აგაცვლების მეთოდის პოპულარიზაცია. მთავარი ის კი არ არის, აი, ჟორამ თბილისში ელექტრომობილით იაროს, მთავარია, რომ ხალხმა გაცვლებს დაუჭირონ მუღამი. არ არის აუცილებელი, რომ რაღაც სასურველი ნივთის მისაღებად ძალიან ბევრი ფული გადავიხადოთ ან წლები ვაგროვოთ თანხა, ან ძალიან ბევრი ვიწვალოთ. შეგვიძლია, რაღაცები უბრალოდ გადავცვალოთ… აი, მაგალითად, ეს მეთოდი უკვე ძალიან პოპულარულია ავტოსფეროში.

ახალი დაწყებული რომ მქონდა ეს პროექტი, ტაქსისტს მოვუყევი ჩემი გეგმის შესახებ და რა მანქანაშიც ვისხედით, იმაზე მითხრა, ეს გავცვალე 4-ჯერ უფრო იაფინი მანქანიდანო. რამდენად მართალს მეუბნებოდა და იყო თუ არა ეს უბრალოდ „ტაქსისტური ისტორია“, არ ვიცი, მაგრამ ისედაც მინახავს, ბევრ საავტომობილო ჯგუფში, რომ ხალხი მანქანებს ცვლის.“

ჯერჯერობით, ჟორა არ გვიმხელს, ეს პროექტი, საბოლოო მიზნამდე მისვლის შემდეგ, რაში გადაიზრდება. თუმცა გვითხრა, რომ უფრო მასობრივს გახდის და მიზანი აღარ იქნება ერთ კონკრეტულ ადამიანზე მორგებული.

ინტერვიუს დასასრულს კი ამბობს:

„ბოლოს მინდა ერთი რაღაც გთხოვოთ, ვინც ვიდეოს უყურებს ან ამ სტატიას წაიკითხავს: პროექტის მხარდაჭერისთვის ფეისბუკჯგუფში გაწევრიანდნენ და თუ ინტერესი ექნებათ, შეძლებისდაგვარად იაქტიურონ, თუნდაც, მხოლოდ „დაგულოს“ ან „დაალაიქოს“ პოსტები. ეს მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს, რა ეტაპზეა პროექტი.
ასევე, ძალიან გამიხარდება, თუ Youtube-ს არხზე გამომყვებიან და პროექტი რომ დასრულდება, სულაც, გააუქმონ გამოწერა“.

თმის სამაგრი სახლში – დემი სკიპერის ისტორია

თუ tiktok-ის მომხმარებელი ხართ, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში აუცილებლად შეგხვდებოდათ დემი სკიპერისა და მისი პროექტის „გამიცვალე“ [ინგ.Trade me] ვიდეოები. დემიმ, რომელიც ამჟამად აშშ-ში, ნეშვილში ცხოვრობს, პირველი ვიდეო 2020 წლის მაისში გამოაქვეყნა.

ვიდეოში დემი ამბობს, რომ მისი შთაგონების წყაროც, ჟორას მსგავსად, კაილ მაგდონალდი იყო.

@trademeproject Trading a Bobby pin to a house #dtp ♬ original sound – Trademeproject

საბოლოოდ, 28 გადაცვლისა და წელიწად-ნახევრის შემდეგ, დემიმ თავის შედეგს მიაღწია და მისაბმელიანი ფურგონი გადაცვალა პატარა სახლში.

დემი სკიპერი გადაცვლილი სახლის წინ. ფოტო: Spencer Skilling

დემი ამბობს, რომ რემონტის შემდეგ სახლს გადაცვლის თმის სამაგრში და პროცესს ხელახლა დაიწყებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი