ახალი ამბები

ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა და ამის მსურველთა რაოდენობა იზრდება — ციხელაშვილი

5 სექტემბერი, 2019 • 2379
ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა და ამის მსურველთა რაოდენობა იზრდება — ციხელაშვილი

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი, აცხადებს, რომ იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადადიან ან ამის სურვილი აქვთ.

5 სექტემბერს ციხელაშვილი პარლამენტის წინაშე წარდგა, როგორც ახალი მთავრობის მინისტრობის კანდიდატი. „მავთუხლართებით ვერ დააკავებ ადამიანებს პროგრესისა და უკეთესი მომავლის გარეშე, რომელსაც დღეს ვქმნით ჩვენ სწორედ მოსახლეობისთვის საოკუპაციო ხაზის როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს“, — განუცხადა ციხელაშვილმა პარლამენტარებს.

მან განაცხადა, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე „ახერხებენ წვდომას, ან აქვთ ასეთი სურვილი“.

ქეთევან ციხელაშვილმა ამის დასტურად მოიყვანა რუსული FSB-ს სტატისტიკა, რომლითაც, მის თანახმად, ჩანს, რომ „თუ 2017 წელს მათ ოკუპირებული ტერიტორიიდან ჩვენ მიერ კონტროლირებადზე გადმოსვლის მცდელობისას დააკავეს სამჯერ მეტი ვიდრე პირიქით, 2018 წელს 5-ჯერ მეტი დაააკავეს, წელს კი, უკვე 6-ჯერ მეტი“. 

ციხელაშვილს რიცხვები არ დაუსახელებია, თუმცა ამას უწოდა „მძიმე, ტრაგიკული სტატისტიკა“, რომელიც „აჩვენებს მოსახლეობის ინტერესებს, სურვილებს და საჭიროებებს, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ჩვენს პოლიტიკაში“. 

მან ასევე განაცხადა, რომ „დღეს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონტაქტების, სხვადასხვა დონეზე დიალოგის, პროექტები არის უფრო დიდი, ვიდრე წინა წლებში კრებითად ყოფილა“, რაასც მთავრობის „თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკის შედეგი“ უწოდა. თუმცა თქვა, რომ სტატისტიკისა და სხვა დეტალების შესახებ ამ საპარლამენტო ფორმატში დღეს დაზუსტებით ვერ ისაუბრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი