ახალი ამბები

საზღვრის დემარკაცია გასაკეთებელია, სიტყვიერად შეთანხმებულია 60-70% – გომელაური

5 სექტემბერი, 2019 • 2384
საზღვრის დემარკაცია გასაკეთებელია, სიტყვიერად შეთანხმებულია 60-70% – გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის თქმით, მეზობელ ქვეყნებთან საზღვრის 60-70% “სიტყვიერად შეთანხმებულია”, თუმცა საკითხის საბოლოოდ მოგვარება “1-2 წლის თემა არ არის”. ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა, სადაც ახალი მთავრობის წევრებს უსმენენ.

“ასევე საზღვართან დაკავშირებით მინდა ვთქვა: იცით, რა პრობლემები გვაქვს, ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან დელიმიტაცია-დემარკაცია გასაკეთებელია, ვერ მივედით ბოლომდე, ეს არ არის 1 და 2 წლის თემა, 90-იანი წლებიდან მოჰყვება ეს პრობლემა და ვერ დამთავრდა, 60-70%-მდეა შეთანხმებული სიტყვიერად, თუმცა პრობლემა დგას და იმედია, რომ ამ პრობლემას გადავწყვეტთ”, – თქვა მან.

გომელაურის თქმით, მისი მინისტრობის პირობებში მუშაობა სასაზღვრო პოლიციის რეფორმის, საზღვრის მართვის რისკებისა და სხვა მიმართულებებით გაგრძელდება.

“გაგრძელდება სასაზღვრო პოლიციის რეფორმა, ადამიანური რესურსების, სასაზღვრო ინფრასტრუქტურისა და საზღვარზე დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებების განვითარება. ასევე, გაგრძელდება საზღვრის მართვის რისკების ანალიზის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება და მისი ინტეგრირება შესაბამის ანალიტიკურ სისტემაში.

იგეგმება სანაპირო დაცვის საკომუნიკაციო და ზღვაზე დაკვირვების სისტემების განახლება ამერიკული მხარის დახმარებით. მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენი სანაპირო დაცვა ძლიერია და ეს დიდი დამსახურებაა ამერიკული მხარის. როცა ბატონი ირაკლი იყო მინისტრი, ვიყავი საზღვრის კურატორი. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და დღეს რომ არსებობს სანაპირო დაცვა, ძალიან დიდი დამსახურებაა ამერიკული მხარის – ბათუმის ახალი პორტი, ფოთის გაძლიერებული პორტი და ა.შ. “, – თქვა მან.

დღეს, 5 სექტემბერს, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე მინისტრობის 8 კანდიდატს მოუსმენენ.  მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენის განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

გუშინდელის მსგავსად, მოსმენებს დღესაც ბოიკოტს უცხადებენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”.

მასალების გადაბეჭდვის წესი