პარლამენტში ახალი მთავრობის წევრთა მოსმენა ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გრძელდება

საქართველოს პარლამენტში მეორე დღეა გრძელდება ახალი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პროცესი, რომელიც კენჭისყრით უნდა დასრულდეს.

დღეს, 5 სექტემბერს, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე მინისტრობის 8 კანდიდატს მოუსმენენ.  მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენის განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

გუშინდელის მსგავსად, მოსმენებს დღესაც ბოიკოტს უცხადებენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადადგომის შესახებ 2 სექტემბერს ფეისბუკზე დაპოსტა, 3 სექტემბერს კი პრემიერობის ახალ კანდიდატად “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაასახელა.

პრემიერის გადადგომით გადაყენებულად ითვლება მთავრობის მთელი შემადგენლობა. შესაბამისად, პარლამენტმა უნდა განიხილოს და მოუსმინოს მთავრობის ახალ შემადგენლობას, მოისმინოს მათ სტრატეგია და შემდეგ კენჭი უნდა უყაროს.

მთავრობის ახალ შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრის პოსტს გიორგი გახარია დაიკავებს, შს მინისტრისას – სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრი კი – ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობაში სხვა ცვლილება არ იგეგმება.

მინისტრობისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატების მოსმენა მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. 8 სექტემბერს, კვირას კი, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების მიზნით კენჭისყრაა დაგეგმილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან