იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის პარალელურად ორგანიზაცია “დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი” აქციას მართავს. ისინი სასამართლოში კლანის არსებობაზე საუბრობენ და საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებენ, აღნიშნული მოცემულობა აღიაროს.
პარალელურად, საბჭოს შენობაში მიმდინარეობს სხდომა, სადაც უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებს უყრიან კენჭს პარლამენტისათვის წარსადგენად. კენჭისყრა 2 ეტაპად ტარდება. პირველ ეტაპზე 50 ადამიანისგან შემდგარი სია 20 ადამიანამდე უნდა დაიყვანონ, ხოლო შემდგომ კენჭი უნდა ეყაროთ მათ, ვინც საკანონმდებლო ორგანოს წარედგინება.
სხდომაზე შესვლამდე საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა აღნიშნა, რომ არამართლზომიერად მიაჩნია ორივე ეტაპის ერთ დღეს ჩატარება, რადგან ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, ჯერ გაეცნონ პირველი ეტაპის შედეგად დასახელებულ კანდიდატებს. საპასუხოდ, უწყების მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა თქვა, რომ კანონი არ შეიცავს ვალდებულებას, ზემოაღნიშნული ორ ეტაპს ცალ-ცალკე სხდომები დაეთმოს.