ახალი ამბები

არავის ვუბიძგებთ, ქვეყანა დატოვოს — ზალკალიანი ლეგალურ შრომით მიგრაციაზე

4 სექტემბერი, 2019 • 1707
არავის ვუბიძგებთ, ქვეყანა დატოვოს — ზალკალიანი ლეგალურ შრომით მიგრაციაზე

„ჩვენ არავის ვუბიძგებთ, რომ ქვეყანა დატოვოს“, — ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზალკალიანმა კითხვას ცირკულარულ მიგრაციასთან დაკავშირებით. ცირკულარული მიგრაცია არის მიგრაციის ფორმა, რომელიც მიგრანტებს უცხოეთში ლეგალური დასაქმების საშუალებას აძლევს.

4 სექტემბერს ზალკალიანი პარლამენტის წინაშე წარდგა, როგორც მინისტრობის კანდიდატი, სადაც მას დამოუკიდებელმა პარლამენტარმა ბექა ნაცვლიშვილმა, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოეყო „სოციალ-დემოკრატებს“ და საპარლამენტო უმრავლესობას, ასეთი ფორმულირებით დაუსვა კითხვა:

„კვალიფიციური კადრები ჩვენგან სხვა ქვეყნებში მიდიან და იქ რჩებიან, რაც ჩვენს ეკონომიკას აკლდება. თქვენ სიამაყით აცხადებთ, რომ კიდევ უფრო უწყობთ ამას ხელს, რადგან თუ ამ ადამიანებს მივცემთ ლეგალური დასაქმების შესაძლებლობებს, მაშინ მათი მოტივაცია, დატოვონ ქვეყანა, გაიზრდება. ეს იმის პარალელურად, რომ სახელმწიფო აპირებს მთლიანი ეროვნული შიდა პროდუქტის (ეშპ/მშპ/GDP) 6% დახარჯოს განათლებაზე. ეს ავტომატურად გულისხმობს, რომ მეტი კვალიფიკაცია ჰქონდეთ ჩვენს მოქალაქეებს; უფრო მეტი კვალიფიციური ადამიანი გვყავდეს, რომელიც აქ სამსახურს ვერ იშოვის, შემდეგ კი უცხოეთში წავა და იქ დასაქმდება. ჩვენ ხომ განვითარებადი ქვეყანა ვართ? რატომ უნდა ვაფინანსებდეთ სხვა ქვეყნების ეკონომიკას ამ ლოგიკით? თუ კვალიფიკაციას ვაძლევთ, უნდა ვქმნიდეთ ისეთ სამუშაო ადგილებს, რომ ეს ადამიანები აქ რჩებოდნენ. რამდენადაა თანხვედრაში ეს ორი ტენდენცია“?

ზალკალიანმა ჯერ უპასუხა, რომ ცირკულარული მიგრაციის საკითხები საგარეო საქმეთა სამინისტროს უშუალო კომპეტენცია არ არის და მათი კომპეტენციაა, „უცხოეთის იმ ქვეყნებთან, რომლებსაც აქვთ მსგავსი სახის შეთანხმებაში შესვლის სურვილი“, ასეთი შეთანხმება გააფორმონ. მისი თქმითვე, ამჟამად შეთანხმება უკვე მიღწეულია ბულგარეთთან, 6 ქვეყანასთან — ესპანეთთან, ჩეხეთთან, ხორვატიასთან, კვიპროსთან, პორტუგალიასთან და უნგრეთთან — „დასადებად მზადდება სამოდელო შეთანხმების პროექტები“. ამის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა ნაცვლიშვილს უპასუხა:

„ჩვენ არავის არ ვუბიძგებთ, რომ დატოვოს ქვეყანა. ჩვენი უამრავი თანამემამულე — არა მხოლოდ ისინი, ვინც თქვენ აღნიშნეთ, ვინც მაღალი კვალიფიკაციით გამოირჩევიან და წასულები არიან ევროპის თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში და იქ არიან დასაქმებულები — არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც არალეგალურად მიდიან და იქ არ აქვთ ლეგალური ყოფნის საშუალებები. ესეც ხომ ჩვენი მოქალაქეები არიან? ხომ შეიძლება მათთვის გამოვიყენოთ ეს პროცესი? რათა იქ, ზოგიერთ ქვეყანას, რომელსაც აქვს მოთხოვნადი პროცენტი, მაგლაითად, შემდუღებლები, მედდები, ის ადამიანები, ვინც მომსახურების სფეროში მუშაობენ… მოთხოვნა არის ამ სპეციალობებზე და რატომ არ შეიძლება … მოხდეს მათი შესაბამისი გადამზადება და მათი ლეგალურ ჩარჩოებში მოთავსება, რატომ არის ეს პრობლემა“?

ბექა ნაცვლიშვილმა პასუხად ზალკალიანს უპასუხა, რომ კითხვა დაუსვა არა როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს, არამედ როგორც მთავრობის წევრს. „მთავრობა ხომ, წესით, მონოლითურ ბირთვს უნდა წარმოადგენდეს და ჰქონდეს ხედვა? შემდუღებელი რომ ქვეყანაში არ გჭირდება, ეს ტრაგედიაა“.

—„ვინ თქვა, რომ არ გვჭირდება“?

—„ექთნების დეფიციტი რომაა, იცით? საქართველოში უფრო მეტი ექიმი რომაა, ვიდრე ექთანი, იცით?.. აქ იმდენად ცუდი პირობებია და იმდენად განუვითარებელი ეკონომიკაა, რომ ყველა, ოდნავი უნარის მქონე ადამიანიც კი მიდის… ეს შემდეგ სოციალურ სისტემას მთლიანად ანგრევს. ამ [ახალ] საპენსიო სისტემასაც დაანგრევს მალე“.

—„მაგრამ ესეც პრობლემაა. არ აღიარებთ, რომ პრობლემაა“?

—„ამიტომ გეკითხებით, როგორც მთავრობის წევრს“.

—„მე უკვე გიპასუხეთ ამაზე“…

მოგვიანებით ბექა ნაცვლიშვილს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამაც უპასუხა: „კითხვის ასე დასმა და საკითხის ასე დაყენება, თითქოს ამის მიზანია ხალხის გაყვანა ქვეყნის გარეთ, ამ პროცესის სრულიად დამახინჯებული წარმოდგენაა. არ მინდა, ასეთი განცდა დარჩეს საზოგადოებას. ხელისუფლების საზრუნავი იქნება, იყო და არის ის, რომ ადგილზე შექმნას დასაქმების საშუალებები“…

„მაგრამ ვიცით, რომ ბევრი მოქალაქე უკვე არის ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ბევრი მათგანი უკვე ისეთ ქვეყნებშია, სადაც მათი შრომითი უფლებები საერთოდ უგულებელყოფილია, ისეთ პირობებში უწევთ მუშაობა, სადაც მათი ღირსების საკითხიც კი ზოგჯერ ძალიან უხეშადაა ხელყოფილი. ამიტომ ის შესაძლებლობები, რასაც ცირკულარული მიგრაცია გვთავაზობს, ვფიქრობ, ძალიან სწორად უნდა გამოვიყენოთ და ის, რომ ეს საკითხი მთავრობის ყურადღების ქვეშაა, მისასალმებელია“, — განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი