ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში არჩევნებში დამარცხებული კანდიდატების ნაწილი ოპოზიციურ კოალიციას ქმნის

4 სექტემბერი, 2019 • 1401
აფხაზეთში არჩევნებში დამარცხებული კანდიდატების ნაწილი ოპოზიციურ კოალიციას ქმნის

მარიანა კოტოვა სოხუმიდან


აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული კანდიდატები ახალი პოლიტიკური ალიანსის, “ალტერნატივის” შექმნას აანონსებენ. გაერთიანებას გეგმავენ საპრეზიდენტო კანდიდატები- ალმას ჯოპუა, ასტამურ ოტირბა და არტურ ანქვაბი, რომლებმაც უკვე განაცხადეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარს არცერთ კანდიდატს უჭერენ.

ალმას ჯაპუა, რომელმაც პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 2% მიიღო, არტურ ანქვაბი 1,6%-ით და ასტამურ ოტირბა, რომელიც არჩევნებამდე საარჩევნო კომიტეტმა არ დაუშვა,  მთავარ აქცენტს აკეთებენ  “ენგურჰესის ნაციონალიზაციასა” და აფხაზეთში ნავთობის მოპოვების აკრძალვაზე.  ასევე, პოლიტიკური გაერთიანების მიზნად ასახელებენ პოლიტიკური სისტემის რეფორმირებასა და სამინისტროებისა და უწყებების რესტრუქტურირებას.

ალმას ჯოპუა დარწმუნებულია, რომ ელექტროსდგურის აფხაზური ნაწილის აფხაზეთისთვის დაბრუნებით აფხაზეთის ბიუჯეტი მნიშვნელოვან ფინანსურ შემოსავლებს მიიღებს. სწორედ ამ იდეის გარშემო მან სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებიც შემოიკრიბა.

“ჩვენ არ მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, მეორე ტურში ვინმეს დაუჭირონ მხარი. აი, დასრულდება ეს ტურიც და მერე ოპოზიციურ მუშაობას დავიწყებთ”, – ამბობს ასტამურ ოტირბა.

“კანდიდატებს, რომლებიც მეორე ტურში გავიდნენ, ხმები ნაყიდი აქვთ. ხელისუფლებამ ქვეყანა იქამდე მიიყვანა, რომ ადამიანები 10 000 [150 ევრო] რუბლად მზად არიან, ნებისმიერს მისცენ ხმა. ამიტომაც მივიჩნევთ, რომ ეს პროცენტები, რაც ჩვენც და მათაც დააგროვეს, არ არის რეალური სურათი”, – ამბობს ალმას ჯოპუა.

აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, რომელიც 25 აგვისტოს ჩატარდა, გაიმართება მეორე ტური ამჟამინდელი პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბასა და ალხას კვიცინიას შორის. კანდიდატებმა პირველ ტურში თითქმის ერთნაირი შედეგები აჩვენეს – რაულ ხაჯიმბა 26,6% და ალხას კვიცინია – 24,6%.

მოულოდნელი შედეგები – აფხაზეთში არჩევნები გრძელდება

მასალების გადაბეჭდვის წესი