ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოულოდნელი შედეგები – აფხაზეთში არჩევნები გრძელდება

27 აგვისტო, 2019 • 4158
მოულოდნელი შედეგები – აფხაზეთში არჩევნები გრძელდება

ხმათა მეოთხედის დაგროვებაც კი ვერ შეძლო აფხაზეთის პრეზიდენტობის ვერც ერთმა კანდიდატმა 25 აგვისტოს არჩევნებზე. რესპუბლიკის მოქმედმა პრეზიდენტმა, ბოლო შედეგების მიხედვით, მხოლოდ 23,85% ხმა დააგროვა, მეორე ადგილზეა ოპოზიციონერი ალხას კვიცინია 21,97%-ით ხმით,  21,60%-ით კი მესამეზე გავიდა ოლეგ არშბა, კანდიდატი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, ალექსანდრ ანქვაბის კანდიდატად იყო ცნობილი. 

2014 წელს ოლეგ არშბას თანამდებობის დატოვება მაშინდელი ოპოზიციისა და მისი ლიდერის, რაულ ხაჯიმბას ხანგრძლივი აქციების შემდეგ მოუწია. იმხანად ოპოზიციონერთა მთავარი კამპანია აგებული იყო გალის რაიონის ქართველი მოსახლეობის უკანონო პასპორტიზაციის თემაზე.

ამჯერად ალექსანდრ ანქვაბს, რომელიც აფხაზეთის ეროვნული კრების დეპუტატია, ასაკობრივი ცენზის გამო უფლება აღარ ჰქონდა, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიეღო. თუმცა არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ეძებს კანდიდატს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. ასეც მოხდა. არშბას ამომრჩეველს ყველა შეხვედრაზე სწორედ ანქვაბი ესაუბრებოდა, აფხაზეთის მცხოვრებლებს ნავთობის მოპოვების გაყიდვით აღორძინებას სწორედ ანქვაბი ჰპირდებოდა. ანქვაბი მთელი წინასაარჩევნო პერიოდი ღიად აცხადებდა, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მომხრეა. ამასთან, “საკუთარ” კანდიდატს დებატებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევდა. 

მათ გუნდზე საუბრის დროს ადგილობრივი პოლიტოლოგები აცხადებდნენ, რომ ოლეგ არშბას არჩევით ხალხი ანქვაბს ირჩევს. 

“მე მისგან სიკეთე მახსოვს და სიკეთითვე უნდა გადავუხადო”, – ამბობს ამომრჩეველი სოხუმიდან და იხსენებს, რომ 7 წლის წინ ალექსანდრ ანქვაბმა, მაშინდელმა პრეზიდენტმა, ფინანსური დახმარება გაუწია. როგორც აღმოჩნდა, მას ამ დრომდე არ ჰქონდა ჩაწერა და სოხუმში, ოლეგ არშბას შტაბში ამომრჩევლის მოწმობის მისაცემად ოჯახთან ერთად მიიყვანეს. 

გარდა ამისა, დეპუტატების ინფორმაციით, ალექსანდრ ანქვაბი საკუთარ კაბინეტში მოქალაქეებს იღებდა და ფინანსურ დახმარებებს ურიგებდა.

ანქვაბი პრეზიდენტობის დროსაც ასევე იქცეოდა. ორშაბათობით მოქალაქეებს იღებდა და ფულით ეხმარებოდა. თუმცა მსგავსმა ტაქტიკამ ვერც ახლა გაამრთლა. ანქვაბის კანდიდატი მეორე ტურში ვერ გადავიდა. 

მეორე ტურში იბრძოლებს ალხას კვიცინია, რომელიც ცნობილი იყო როგორც ოპოზიციური პარტია ამცახარას თავმჯდომარე, ხელისუფლებასთან დაუღალავი მებრძოლი. სხვა ცნობილი დამსახურება მას არ ჰქონია. მისი პერსონა არ განიხილებოდა ხელისუფლების შესაძლო ცვლილების დროს არცერთ სახელმწიფო თანამდებობაზე. ლიდერი ყოველთვის ასლან ბჟანია იყო, რომელიც მოულოდნელი ავადმყოფობის გამო არჩევნებს რამდენიმე თვით ადრე გამოეთიშა. როდესაც ბჟანია საავადმყოფოში მოხვდა ვირუსული ინფექციით თუ მოწამვლის დიაგნოზით, ოპოზიცია დიდხანს იცავდა არჩევნებში მონაწილეობის საკუთარ უფლებას, მიტინგებს აწყობდა პარლამენტთან და საპრეზიდენტო არჩევნების გადადებას მოითხოვდა.

მართლაც გადადეს. მაგრამ ბჟანია ასეც ვერ გამოკეთდა. იყო პერიოდი, როდესაც ოპოზიცია ახალი ლიდერის სახელს არ ამჟღავნებდა. ბევრი მკითხაობდა, მაგრამ ალხას კვიცინია არავის დაუსახელებია. მისი ფიგურის წამოწევა საზოგადოებისთვის სიურპრიზი გახდა. 

მისი დამხმარე, ვიცეპრეზიდენტი დიმიტრი დბარი, 35 წლის პარლამენტის დეპუტატი იყო. არც კვიცინია და არც დბარი განსაკუთრებული პოპულარობით არ სარგებლობდნენ ხალხში, სავარაუდოდ, ამიტომაც წინასაარჩევნო ბანერებზე მათ ფოტოებთან ერთად ყველგან ასლან ბჟანია ფიგურირებს, რომელიც დღემდე გერმანიაში მკურნალობს.

თუმცა, რატომ მაინცდამაინც კვიცინია. პირველ რიგში, ეს არის ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარი აფხაზეთში, ქვეყანაში, სადაც გადაწყვეტილებები კლანების წყალობით მიიღება. როგორც აფხაზი მწერალი, ფაზილ ისკანდარი ამბობდა: “იგებს ის, ვისაც უფრო დიდი სანათესაო ჰყავს”. 

მეორეც, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ აქტიურად ატარებენ მოქმედი დეპუტატები, დიმიტრი დბარი, ლაშა აშუბა, იური ხაგუში და ბატალ აიბა, კვიცინიას სააგიტაციო სამუშაოებს, როგორ აქტიურად უჭერენ მას მხარს ბიზნესმენები კრიმინალური წარსულის გარეშე და როგორ ჩნდება თანამდებობების სიები, რომლებიც ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ამ ხალხმა უნდა დაიკავოს, კვიცინია მათთვის ხელსაყრელია როგორც მართვადი და დამოკიდებული ფიგურა. ალხას კვიცინია პრეზიდენტის რაგნში მათთვის იქნება გზა თანამდებობებისკენ და ბიუჯეტის ფულისკენ.  

და რა ხდება ხაჯიმბას შტაბში? მოქმედმა პრეზიდენტმა, რა თქმა უნდა, გვერდი არ აუარა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას წინასაარჩევნო პერიოდში. სასწრაფოდ დაიწყო საკუთარი მოქალაქეების მოსმენა. ბეტონისამრევი მანქანებით, რომლებიც მუდამ დარჩება აფხაზეთის ისტორიაში, სოხუმის ახალი რაიონი გაავსეს. ყველაზე დანგრეულ ეზოებში და გზებზე ცემენტი დაასხეს იმ იმედით რომ მადლიერი მოქალაქეები მხარს დაუჭერენ.

მაგრამ ასე არ მოხდა. სწორედ ახალ რაიონში წააგო ხაჯიმბამ. “სადაც ყველაზე მეტად ვიმუშავეთ, იქ წავაგეთ”, – აღშფოთებული ამბობდა კან კვარჩია შტაბში არჩევნების ღამეს.

კვარჩია ბიზნესმენია, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომელსაც რაულ ხაჯიმბას არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში სოხუმის მერის თანამდებობა სურს. 

სოციალურ ქსელებში ხაჯიმბას “ბეტონის” კამპანიას დასცინოდენ ანონიმური მომხმარებლებიც, რომელთაც მოქმედ პრეზიდენტს “ბეტონო რაული” შეარქვეს. 

ალხას კვიცინიასთან რაულ ხაჯიმბამ მხოლოდ 1615 ხმით მოიგო. შტაბში ამ შედეგს სრული კრახი უწოდეს.

“ჩვენ ველოდით მეორე ტურს, მაგრამ ასეთი მიზერული სხვაობით თუ მივიდოდით იქამდე, არა. ისიც ვიცი, რომ სხვა შტაბებესაც სხვა პროგნოზები ჰქონდათ”, – საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს რაულ ხაჯიმბას შტაბის წარმომადგენელი დაურ არშბა. 

ნამდვილად, დილამდე ითვლიდნენ ხმებს სოხუმის ერთ-ერთ უბანზე. კვიცინიამ და არშბამ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომელი მათგანი გადიოდა მეორე ტურში. ხმებს შორის სხვაობა 100-ზე ნაკლები იყო. ამის მიუხედავად, არჩევნების ღამემ მშვიდად ჩაიარა. ამბავი იმის შესახებ, რომ ერთ-ერთ უბანზე საარჩევნო ყუთი მოიპარეს, არ დადასტურდა. არ აღმოჩნდა მართალი ისიც, რომ ხაჯიმბას კბილებამდე შეიარაღებული მხარდამჭერები ტყვარჩელიდან სოხუმში მოდიოდნენ. როგორც ჩანს, ვიღაცას ძალიან უნდოდა არჩევნების პროცესი გაემწვავებინა. თუმცა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომდევნო ორი კვირაც ბრძოლა ცივილიზებული იქნება. 

 26 აგვისტოს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ხაჯიმბამ თქვა, რომ კიდევ აქვს რესურსები. “ჩვენ ვიცით, სადაც ვერ ვიმუშავეთ ბოლომდე და სად შეგვიძლია კიდევ ხმების მოპოვება”. 

როგორც ცნობოლია, ალხას კვიცინია უკვე აწარმოებს მოლაპაარაკებებს აუტსაიდერების შტაბების წარმომადგენლებთან და შესაძლოა, მეორე ტურში მას თავად ალექსანდრ ანქვაბმაც დაუჭიროს მხარი, რომელიც მანამდე გადაჭრით და ხმამაღლა აცხადებდა, რომ არ აპირებს ვინმესთან გაერთიანებას. 

რთული დასაჯერებელია, რომ ისეთი ამბიციური პოლიტიკოსი, როგორც ანქვაბია, არჩევნებზე მესამე ადგილს დასჯერდება, მით უმეტეს, პოლიტიკური კარიერის მიწურულს.

ალმას ჯოპუამ, რომელმაც საკუთარი წინასაარჩევნო კამპანია ენგურჰესის ნაციონალიზაციის იდეაზე ააგო, ხმების მხოლოდ 2% მოიპოვა. “კორუფციასთან მებრძოლმა” კაკალიამ კი, ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა – 0, 97 % .

სადღაც შუაში მკრთალად და შეუმჩნევლად გაიარეს გენერალმა ძიაპშიპამ, რომელიც ყველას ჰპირდებოდა გადაუხდელი კრედიტის გასტუმრებას, შამილ აძინბამ, აფხაზური სოფლის აღორძინების იდეით, და ასტამურ ტარბამ, რომელიც მხოლოდ იმით იყო ცნობილი, რომ არავინ იცის, 15 წელი სად იყო. წარსულში ნასამართლევი არტურ ანქვაბი კი, რომელმაც 1403 ხმა მიიღო, სავარაუდოდ, ალექსანდრ ანქვაბში აერიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი