ავტორი: მარიანა კოტოვა, სოხუმი
“ენგურჰესის აფხაზური ნაწილის ნაციონალიზაცია – დაუბრუნო ხალხს ის, რაც მას სამართლიანად ეკუთვნის” – ეს არის აფხაზეთში ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის, ალმას ჯოპუას ერთ-ერთი წინასაარჩევნო ლოზუნგი, რომელმაც სხვა კანდიდატებიც გააერთიანა.
ალმას ჯოპუა ეროვნული კრების მოქმედი დეპუტატია და საარჩევნო კამპანიამდე ნახევარი წლით ადრე ენერგოკომპანია “ჩერნომორენერგოს” საკითხზე საპარლამენტო გამოძიება დაიწყო.
ჯოპუა კომპანია “ჩერნომორენერგოს” ხელმძღვანელობას ქართულ მხარესთან უკანონო მოლაპარაკებებში სდებს ბრალს. მისი განცხადებით, ელექტროენერგიის აფხაზური წილის ნაწილს საზღვარგარეთ ჰყიდიან და მოგებაში რჩებიან.
საპარლამენტო გამოძიება სომეხი ექსპერტების მოწვევით ჩატარდა, სამუშაო შესრულდა, ამჟამად კი კომისიის მუშაობის შედეგების გამოქვეყნებაღა დარჩა საპარლამენტო სესიაზე. თუმცა პარლამენტის სპიკერი უარს ამბობს არჩევნებამდე რიგგარეშე სესიის გამართვაზე.
დეპუტატ ალმას ჯოპუას კი ადგილობრივი კანონმდებლობით არ აქვს უფლება გამოძიების შედეგები საჯარო გახადოს პარლამენტის შენობის გარეთ. შესაბამისად, ის იწვევს პრეს-კონფერენციებს საკუთარ საარჩევნო შტაბში. თუმცა არ ასაჯაროებს კონკრეტულ სახელებს, ციფრებს და კომისიის სხვა დასკვნებს.
“მხოლოდ საკუთარი ეჭვები გამოვთქვი იმასთან დაკავშირებით. რომ აფხაზური ფული ენგურჰესის ელექტროენერგიის გაყიდვიდან ვიღაც ჩინოვნიკების ჯიბეებში მიდის”, – აცხადებს ჯოპუა.
როგორც ის ამბობს, გამოძიების პროცესში გაარკვია, რომ ენგურჰესის კომპლექსი არ ეკუთვნის აფხაზეთს და ეს არის შპს, რომელიც დარეგისტრირებულია საქართველოში, სადაც “არა მხოლოდ საფრთხე, გარკვეული პოტენციალიც” დაინახა.
ალმას ჯოპუა დარწმუნებულია, რომ ელექტროსდგურის აფხაზური ნაწილის აფხაზეთისთვის დაბრუნებით აფხაზეთის ბიუჯეტი მნიშვნელოვან ფინანსურ შემოსავლებს მიიღებდა. სწორედ ამ იდეის გარშემო მან სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებიც შემოიკრიბა. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ ალხას კვიცინია, რაულ ხაჯიმბას მეტ-ნაკლებად ძლიერი კონკურენტი, შამილ არძინბა, ასტამურ კაკალია, ლეონიდ ძიაპშპა, არტურ ანქვაბი და თავად ალმას ჯაპუა. მათგან ზოგი ნამდვილად დარწმუნებულია იმაში, რომ აფხაზეთს მართლაც შეუძლია დიდი რაოდენობით ელექტროენერგია მიიღოს და ამავე დროს მის გენერირებაში ფული არ ჩადოს.
დღეს საკუთარ საარჩევნო დაპირებებში ისინი იყენებენ ლოზუნგს – “დავუბრუნოთ სინათლე ხალხს და მოსახლეობისთვის უფასო იყოს”.
თავად “ჩერნომორენერგოს” ხელმძღვანელობა კორუფციულ გარიგებებში ბრალდებებს დაუსაბუთებელს და უსაფუძვლოს უწოდებს.
კომპანიის ხელმძღვანელი ასლან ბასარია აცხადებს, რომ ალმას ჯოპუა არჩევნებამდე ქულებს იწერს და მისი ქმედებები წმინდა წყლის პოპულიზმია.
მისივე თქმით, აფხაზეთში ელექტროენერგია ვერ იქნება უფასო. უფრო რეალურად, ის ელექტროენერგიაზე ფასის მატების რისკებს ხედავს. გარდა ამისა, ამტკიცებს, რომ თუკი დღეს “ჩერნომორენერგოს” კერძო პირს გადასცემ და მმართველ კომპანიას დაუნიშნავ, რომელმაც აფხაზეთის ენერგეტიკაში წესრიგი უნდა დაამყაროს, გაირკვევა, რომ ტარიფი 40 კაპიკი ბევრად შორსაა არსებული რეალობისგან და 7-10-ჯერ მეტი მაინც უნდა ღირდეს.
თუ აფხაზეთი რეალურად გადაწყვეტს ენგურჰესის საკუთარი ნაწილის ნაციონალიზებას, მისი მუშაობისთვის დამოუკიდებელი დაფინანსება უნდა შეეძლოს, ხელფასების გაცემა და ა.შ. რისი ფულიც დღეს მას არ აქვს.
“ენგურჰესი” ერთადერთი რეალური შეხების ობიექტია დღეს აფხაზურ და ქართულ მხარეებს შორის, სადაც ომის დასრულების შემდეგ არავინ დავობს. ამასთან, ქართულმა მხარემ საკუთარ თავზე აიღო მისი სრული დაფინანსება [თუნდაც დასავლური ორგანიზაციების ფინანსური დახმარებით] ჰესზე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, ხელფასების გაცემისა და მიმდებარე ტერიტორიების ინფრაქტურის უზრუნველსაყოფად.
თუმცა დღეს აფხაზეთში არჩევნებისთვის საკითხის სხვანაირად დასმა სურთ – გაიყოს ენგურჰესის მოგება. რა იქნება არჩევნების შემდეგ, ჯერ უცნობია.
აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის 25 აგვისტოს გაიმართება. რაულ ხაჯიმბა, მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი, კვლავ ერთ-ერთი კანდიდატია პრეზიდენტის პოსტზე.