ახალი ამბებისაზოგადოება

რა მიზანი აქვს გახარიას პრემიერობას და სამთავრობო ცვლილებებს

3 სექტემბერი, 2019 • 4188
რა მიზანი აქვს გახარიას პრემიერობას და სამთავრობო ცვლილებებს

პრემიერ-მინისტრის ცვლილება და სხვა სამთავრობო გადაადგილებები, რაც ძალოვან მინისტრებს ათავსებს ძალაუფლების ცენტრში, შეიძლება, „ქართული ოცნების“ მიერ ელექტორატის შენარჩუნებისთვის გადადგმული ნაბიჯი იყოს, რაც, საბოლოო ჯამში, პოლიტიკურ პოლარიზაციასაც გაზრდის; ამ გეგმაში პირველ ადგილზე ისევ „ქართული ოცნება“ რჩება, მეორეზე — „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო ყველა დანარჩენი ძალა ამ ბიპოლარულ დაპირისპირებაში წაგებულია, — ეუბნებიან „ნეტგაზეთს“ პოლიტიკის კომენტატორები.

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელმაც 14 თვის წინ დაიკავა ეს პოსტი, 2 სექტემბერს თანამდებობიდან გადადგა. მის ადგილას მმართველი პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილიმა გიორგი გახარია წარადგინა, ხოლო შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებად -ვახტანგ გომელაური და ირაკლი ღარიბაშვილი. სამივე მათგანს აქვს ძალოვან სტრუქტურებში — სულ მცირე, შინაგან საქმეთა მინისტრად — მუშაობის გამოცდილება. რა მიზანი შეიძლება „ქართული ოცნებას“ ამოძრავებდეს მამუკა ბახტაძის გახარიას ჩანაცვლებით?

გახარია ბახტაძის ნაცვლად

პოლიტიკური კომენტატორი ლევან კახიშვილი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ანალიტიკოსი და ბამბერგის უნივერსიტეტის (გერმანია) სოციალური მეცნიერებების სადოქტორო სკოლის (BAGSS) დოქტორანტი, „ნეტგაზეთს“ ეუბნება, რომ ბახტაძის პრემიერობის დროს, განსაკუთრებით კი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რამდენიმე მნიშნელოვანი ფაქტორი გამოიკვეთა, რის გამოც მისი ჩანაცვლება ხდება:

„ახლოვდება 2020 წლის არჩევნები და „ქართულ ოცნებას“ ესაჭიროება უფრო სოლიდური ლიდერი, რომელსაც აქვს მეტი გამოცდილება და საზოგადოების პატივისცემა. ამასთან, ეს ახალი ლიდერი აუცილებლად დაახლოებული პირი უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილთან“.

ამ აზრს იზიარებს სოციოლოგიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი. „ნეტგაზეთთან“ საუბარში ის ამბობს, რომ ბახტაძე საჯარო რეპრეტენზაციის თვალსაზრისით სუსტად გამოიყურებოდა: „ის არ იყო დამაჯერებელი თავის საუბარში, არგუმენტებში, მაინცდამაინც პრინციპულად არ იცავდა თავის პოზიციებს და იყო უფრო ინფანტილური პრემიერი, რამდენადაც პრემიერი შეიძლება იყოს“.

გიორგი გახარიას ფიგურას კი პოლიტიკის კომენტატორები გაცილებით უფრო მტკიცედ ახასიათებენ, ვიდრე ბახტაძეს. გახარიას პოპულარობის საილუსტრაციოდ, ალბათ, იმ ცნობილი GIF-ის [მოძრავი ფოტო] გაზიარებების რაოდენობაც გამოდგება, რომელშიც ის პოლიციელებს თვალს უკრავს; ბევრს გაახსენდება მისი ცნობილი ფრაზა — „მოდით, დავიწყოთ ბოდიშით“ — რომელიც 2018 წლის მაისში „ბასიანსა“ და სხვა ღამის კლუბებში ნარკოტიკებთან ბრძოლის საბაბით განხორციელებული რეიდების შემდეგ დაწყებული დემონსტრაციების დასასრულს წარმოთქვა.

შინაგან საქმეთა მინისტრობასთან ერთად, გახარია ვიცეპრემიერი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანია. მისი ძალაუფლების დასახასიათებლად ტელეკომპანია „იმედმა“ მარტის ერთ-ერთ გადაცემაში გამოიყენა ეპითეტი: „სუპერძალოვანი მინისტრი“.

იაგო კაჭკაჭიშვილი იხსენებს: „გახარიამ ბევრ გამოწვევას გაუძლო, ბეწვის ხიდზე გაიარა, აისხლიტა უმწვავესი კრიტიკა, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან დაპირისპირების ფონზე [20 ივნისის აქციის საქმეზე] კი არ განერიდა ამ ნაწილს, არამედ დაჯდა მათთან ერთად, — ჟურნალისტებთან ჰქონდა შეხვედრა, მანამდე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამ ორომტრიალში, ამ ომში ჩაება… სხვა ამბავია, როგორ და რამდენად გამარჯვებული თუ დამარცხებული გამოვიდა აქედან“, — ამბობს იგი.

თუმცა, რამდენადაც მხარდამჭერებს მოსწონთ, მეტად თუ არა, იმდენადვე ათვალწუნებული ჰყავთ მოწინააღმდეგეებს. ოპოზიცია 2018 წლის საპრეზიდენტო და 2019 წლის შუალედურ არჩევნებში სწორედ გახარიას ფიგურას ასახელებს, როგორც ძალას, რომელიც „არჩევნებს იპარავს“, და მას ე.წ ქურდული სამყაროს ჯერ კიდევ გავლენიან ფიგურებს უკავშირებენ. გახარია ბრალდებებს უარყოფს.

20 ივნისის ღამე რუსთაველის გამზირზე. ფოტო: გიორგი არჯევანიძე

ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ალბათ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება, რაც გახარიას მინისტრობის სავარაუდოდ ყველაზე საკვანძო ეპიზოდად რჩება — ეს არის პარლამენტის წინ პოლიციის მიერ აქციის დარბევა. დემონსტრაციის დაშლისას ასობით ადამიანი დაშავდა, ათობით მათგანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, ორმა კი თვალი დაკარგა. შეიძლება ითქვას, სულ მცირე, კიდევ ორი ადამიანი სიკვდილს გადაურჩა. სწორედ ამ მოვლენების გამო ითხოვს საზოგადოების ნაწილი დღემდე მის გადადგომას, პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას.

გახარია აცხადებს, რომ პასუხისმგებლობას იღებს, მაგრამ ამომრჩეველს ამის დამამტკიცებელი საბუთი არ უნახავს — ის პოსტიდან არ გადამდგარა. როგორც კი მისი გადადგომის მოთხოვნა გაისმა, მაშინვე გაჩნდა კონტრპეტიციები, სადაც მას პოსტზე დარჩენას სთხოვენ.

„გახარია, სავარაუდოდ, უფრო მისაღები უნდა იყოს შედარებით უფრო კონსერვატიულად განწყობილი ამომრჩევლებისთვის, ვისთვისაც მისაღებია, ასე ვთქვათ, „მძიმე ხელი“ და მტკიცე გადაწყვეტილებები. ასეთი ამომრჩევლები კი საქართველოში, სავარაუდოდ, უმრავლესობაში არიან“, — ფიქრობს ლევან კახიშვილი.

რატომ მაინცდამაინც გახარია?

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის თანახმად, გახარიას დანიშვნა, შესაძლოა, იმაზეც მიანიშნებდეს, რომ „ქართულ ოცნებას“/ბიძინა ივანიშვილს საბოლოოდ აქვს აღებული ხელი ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველზე. ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში კვლავ პოლარიზაციის ხარისხის აწევით ეცდება, გამარჯვებას მიაღწიოს. „გახარიას პრემიერობა ნიშნავს, რომ გაცილებით უფრო დაძაბული და უხეში კამპანია ემუქრება ამომრჩეველს“, — გვითხრა ხიდაშელმა.

ასეთ უხეშ კამპანიაში „ქართულ ოცნებას“ გახარიას თვისებები გამოადგება. როგორც იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, „გახარია არის ის იშვიათი მინისტრი, ვისაც შეუძლია იმ ძალიან წინააღმდეგობრივ, რთულ ვითარებებში, როდესაც სხვადასხვა ფრონტიდან შემოტევებია, არ აჰყვეს ნერვებს და დაიცვას თავისი პოზიციები“.

თუმცა ის წინააღმდეგობრივი ფიგურაა, რომლის გადადგომასაც უკვე 76 დღეა, მოქალაქეების ნაწილი ითხოვს. 

„გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები არ წყდება და საზოგადოების კონსენსუსი არსებობს მისი გაწეული სამუშაოს უარყოფითად შეფასებაში, თუმცა პარტიის თავმჯდომარეს საკუთარი ვიწრო გადასახედიდან მაინც ეს მიაჩნია გამოსავლად“, –  ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტიკური მიმომხილველი ელენე მელიქიშვილი.

რატომ შეიძლება გახარიას პრემიერობა გამოსავლად მიიჩნიონ? მელიქიშვილის თანახმად, „იმიტომ, რომ მხოლოდ დაყოფის და დაპირისპირების იმედი აქვთ… განზრახული აქვთ, გააგრძელონ დაპირიპირებების (პოლუსებს შორის არჩევანის შეთავაზების) მეშვეობით ხელისუფლების შენარჩუნების პოლიტიკა“. და როგორ აწყობს „ქართულ ოცნებას“ ასეთი პოლარიზაცია?

როგორც მელიქიშვილი „ნეტგაზეთთან“ წინა ინტერვიუში ამბობს, გამყოფი დისკურსის შემოტანა, — რაც მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, — არის ხერხი, რითაც ლიდერები ცდილობენ, ამომრჩეველი ვიღაცის ან რაღაცის წინააღმდეგ დარაზმონ, რითაც ფარავენ რეალობას, რომელშიც მათ არ აქვთ პასუხები თანამედროვე გამოწვევებზე: კანონის უზენაესობაზე, ეკონომიკურ უთანასწორობაზე, ინსტიტუციონალურ განვითარებასა და ა.შ.

ამავდროულად, ისეთმა ვითარებამ, როდესაც წამყვანი არის გამყოფი დისკურსი [„ან ჩვენ, ან ნაციონალური მოძრაობა“], შეიძლება გამოიწვიოს მიუმხრობელი ამომრჩევლის აპათია, — ისინი საბოლოოდ კვლავ ამ ორს შორის ერთ-ერთზე გააკეთებენ არჩევანს და ალტერნატიული ძალები — რომლებიც 2020 წლის პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერის გათვალისწინებით, მეტად შეიძლება გამოჩნდნენ — კვლავ წაგებულები დარჩებიან, როგორც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

[ამ თემაზე გირჩევთ: „დესტაბილიზაციის საფრთხე“ – როგორ მოიპოვა “ოცნებამ” გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ხმები]

მესიჯი ამომრჩეველს: „უკომპრომისო ბრძოლა გრძელდება“

პოლიტიკის მიმომხილველების თვალსაზრისით, ირაკლი ღარიბაშვილიც აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც ახლა, სავარაუდოდ, სჭირდება ბიძინა ივანიშვილს: ერთგულება და კონფრონტაციაში შეუპოვრობა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი გვეუბნება: „ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ძირითადი ნაწილის საყვარელი პერსონაჟი იყო ამ სისტემაში… [მისი დანიშვნით ცხადი ხდება]: მისთვის მთავარია ამომრჩევლის მხარდაჭერის გამყარება, მათი დარწმუნება იმაში, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების ხაზი უცვლელია, რომ დათმობას არ აპირებენ არავისთან“.

ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ შედარებით უფრო ძველი სახეა, ვიდრე გახარია. ის პარტიის დაარსების დღიდანვე ჩართული იყო ენმ-ის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლაში. ის მოგვიანებითაც გამოირჩეოდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ და სამოქალაქო საზოგადოებასთან ხისტი დამოკიდებულებით. ეს სიხისტე დროთა განმავლობაში არათუ შესუსტდა, გაძლიერდა კიდეც. ასე, მაგალითად, პარტიაში დაბრუნების შემდეგ ღარიბაშვილმა შეცდომა უწოდა ენმ-სთან კოჰაბიტაციას, ანუ პოლიტიკური თანაარსებობის პროცესს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან (2013 წლამდე) და ენმ-ის მიერ დაკომპლექტებულ თვითმმართველობის აპარატებთან (2014 წლამდე).

ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი

„ღარიბაშვილის დაბრუნებას აქვს სწორედ ეს განზრახვა, — რომ თითქოს „ოცნებას“ მოუჩლუნგდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ უკომპრომისო ბრძოლის ჟინი. ღარიბაშვილი ამ თვალსაზრისით ყველაზე გამორჩეული იყო. ამიტომ ნეგატიური მობილიზაციის თვალსაზრისით, ის ჯდება პარადიგმაში, „ოღონდ ნაციონალები არა და ვინც გინდა იყოს“, ანტი-ენმ ელექტორატის გადმოსაბირებლად“, — ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

ვახტანგ გომელაურის დაბრუნება

ზოგიერთი ანალიტიკოსის შეფასებით, ვახტანგ გომელაურის არჩევაც, სავარაუდოდ, ამავე დამსახურებებით მოხდა. ისიც მსახურობდა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე, თუმცა, ერთ წელიწადზე ნაკლები ხნით. ამის შემდეგ ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს-ს) ხელმძღვანელობს.

ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

მის მიერ სუს-ის ხელმძღვანელობის პერიოდში ჩატარდა ბოლო წლების ალბათ ყველაზე ხმაურიანი სპეცოპერაცია — ისნის ალყა, როდესაც სამართალმდაცავები ისანში „ისლამური სახელმწიფოს“ ცნობილ მებრძოლს, აჰმეტ ჩატაევსა და მის რაზმს დაუპირისპირდნენ. სპეცოპერაციის დროს ჩატაევი მოკლეს, თუმცა ამ სპეცოპერაციას ორი სპეცრაზმელიც ემსხვერპლა.

თუმცა აქაც არსებობს გომელაურის საქმიანობის მიმართ კითხვები: სწორედ ამ მოვლენებიდან რამდენიმე კვირაში პანკისის ხეობაში ჩატარდა კიდევ ერთი სპეცოპერაცია, რაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილით დასრულდა. ის ისე მოკლეს, რომ მისთვის ბრალი არ ჰქონდათ წაყენებული. დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მისი სიკვდილის გარემოებები. მამამისი, მალხაზ მაჩალიკაშვილი დღემდე პარლამენტთან აპროტესტებს შვილის სიკვდილს და სამართლიან გამოძიებას ითხოვს.

თავის მხრივ, გომელაურიც ბიძინა ივანიშვილის ერთგულ ფიგურად ითვლება და პერსონალურადაც მეტადაა მასთან დაკავშირებული — 2013 წლამდე ის ივანიშვილის დაცვის უფროსის იყო. „მნიშვნელოვანია, ალბათ, იმის ხაზგასმა, რომ ბიძინა ივანიშვილი მისთვის სანდო ადამიანების მობილიზებას ახორციელებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ერთ-ერთი საკვანძო სამინისტროა ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი ხელისუფლებისთვის“, — უთხრა ლევან კახიშვილმა „ნეტგაზეთს“.

„ძალაუფლებისკენ არაჯანსაღი ლტოლვა“

ელენე მელიქიშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ სამთავრობო ცვლილებების მიზნად „გადარჩენის ინსტინქტს“ ასახელებს: „მიზანი მხოლოდ ერთია — რაც შეიძლება დიდი ხნით გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი“.

„ქართული ოცნების“ ნაბიჯი, სამთავრობო ცვლილებები ამგვარად განახორციელოს, ელენე მელიქიშვილის თანახმად, მეტ დაპირისპირებასა და რადიკალიზაციას ნიშნავს: „ალბათ ივნიშვილს ისევ „ჩვენ vs მათ“ ფორმულის იმედი აქვს. იგი რეალურად ბრძოლას უცხადებს იმ ახალგაზრდებს და სამოქალაქო საზოგადოებას, ვინც გახარიას წინააღმდეგია. გამოდის, რომ გადამეტებული ძალადობის გამოყენება მისასალმებელია და პრემიერობით ჯილდოვდება“.

ამ პროცესში — ლიდერების ცვლილებაში — GIP-ის ანალიტიკოსი, ლევან კახიშვილი ისევ და ისევ ერთპიროვნული მმართველობის პრობლემას ხედავს და ამბობს: „პრემიერ-მინისტრების ცვლილება საქართველოში, სამწუხაროდ, ამ თანამდებობაზე მყოფი პირების გადაწყვეტილება იშვიათადაა და მათი შერჩევა-გაშვება ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებებს უკავშირდება“. მელიქიშვილი კი ამ პროცესზე ამბობს, რომ ეს არის „არა მართვა, არამედ ლოიალური ადამიანების დასაქმების პროგრამა, რომელიც ვნებს ქვეყანას და საზოგადოებას“. ლოიალურობა კი, მისი თქმით, პრობლემას ვერ აგვარებს.

„აქ საჭიროა ხალხი, ვინც იცის და ერკვევა კომპლექსურ საკითხებში… იმ იგავ-არაკის არ იყოს, სადაც დათვი, თხა, ვირი და მაიმუნი კვარტეტის შექმნას გადაწყვეტენ, მაგრამ ვერ დაუკრავენ, შემდეგ ადგილებს შეიცვლიან, მაგრამ ბოლოს მაინც არ გამოსდით იმიტომ, რომ ინსტრუმენტზე დაკვრას ცოდნა უნდა — ადგილსა და სკამის ფორმას მნიშვნელობა არ აქვს. ეს, სამწუხაროდ, გლობალური პრობლემაა, ბევრ ლიდერს ჰგონია, რომ ტაქტიკური გადაადგილებები უშველის მათ არაადეკვატურ პოლიტიკურ წარმოდგენებსა და უვიცობას“, — გვეუბნება მელიქიშვილი.

რამდენიმე თვის წინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, ელენე მელიქიშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამას „ოცნების“ შიგნით არსებული კრიზისის გამოვლინებად აფასებდა, „ქართული ოცნების“ ეპილოგის მანიშნებლად. ახლაც ამბობს: „რასაკვირველია, კრიზისი გაღრმავდა… გამოსავალი არის დიალოგში და კომუნიკაციაში, თუმცა საპირისპირო ხდება: ისევ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, სადაც გადაწყვეტილების მიმღებს თავი ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია ჰგონია. ეს კრიზისს აღრმავებს. ღარიბაშვილი და გახარია ამას ვერ გამოასწორებენ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი