“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, გიორგი გახარიას პრემიერად დასახელებისას გუნდი ერთსულოვანი იყო და განსხვავებული მოსაზრება არავის ჰქონია.
“მას აქვს გამოცდილება ეკონომიკის სფეროში, სადაც წარმატებით ართმევდა თავს თავის მოვალეობას. შემდეგ უკვე მიიღო გამოცდილება იურიდილ სფეროში, როცა სამართალდამცავ ორგანოებში დაიწყო მუშაობა. აქედან გამომდინარე, გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორედ მან უნდა დაიკავოს პრემიერის თანამდებობა. ვფიქრობთ, საინტერესო კვირა გვექნება, რადგან მოვისმენთ პროგრამას, რომელიც მორგებული იქნება ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე. დღევანდელ სხდომაზე [გახარიას პრემიერად დასახელების საკითხზე] აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა”,-აცხადებს მდინარაძე.
კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა საზოგადოებაში აგრესიას გახარიას პრემიერ-მინისტრად არჩევა, როცა მის გადადგომას ორ თვეზე მეტია საზოგადოების ნაწილი ითხოვს.
მდინარაძე პასუხობს: “ვფიქრობ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი ჩამოყალიბებულია, რომ საქართველოში “გავრილოვის რევოლუცია” არ მოხდა. ამ არშემდგარი რევოლუციის ავტორები “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები იყვნენ. შესაძლებელია მართლაც არიან ახალგაზრდები, რომლებიც გარკვეულ მოვლენებს გულწრფელად აღიარებენ, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის მიერ დაორგანიზებული აქციები მმართველ პარტიაში გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ვერ გახდება.”
“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში დღეს, 3 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ პრემიერობის ახალი კანდიდატი მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იქნება.