ახალი ამბები

მოსამართლეობის კანდიდატებს 4 სექტემბერს უნდა უყარონ კენჭი – ჯანეზაშვილი

3 სექტემბერი, 2019 • 1466
მოსამართლეობის კანდიდატებს 4 სექტემბერს უნდა უყარონ კენჭი – ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატურებს, სავარაუდოდ, 4 სექტემბერს უყრიან კენჭს. ამის შესახებ საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სოცქსელში წერს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე განთავსებულია ანონსი, რომლის თანახმადაც,  4 სექტემბერს, 13:00 საათზე, სხდომა გაიმართება. ანონსს დღის წესრიგი ჯერ არ ახლავს, თუმცა ჯანეზაშვილის თქმით,  კანონის მიხედვით, სწორედ გასაუბრების დასრულების შემდეგ, უახლოეს სხდომაზე უნდა უყარონ კენჭი კანდიდატებს.

“დღის წესრიგი ჯერ არ დევს, თუმცა კანონის თანახმად იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანდიდატების მოსმენის დასრულების შემდეგ (რაც 15 აგვისტოს დასრულდა) უახლოეს სხდომაზე (რომელიც 4 სექტემბერს დაიგეგმა), ფარულად უყრის კენჭს კანდიდატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების გამოცხადებული ვაკანსიის რაოდენობამდე დაყვანის მიზნით”, – წერს ის.

15 აგვისტოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დასრულდა.  მოსამართლეობის მსურველი 50 კანდიდატიდან იუსტიციის საბჭო პარლამენტში წარსადგენად 20-ს შეარჩევს. აღნიშნული კანდიდატები ფარული კენჭისყრით შეირჩევა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაზე პარლამენტი, სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე იმსჯელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი