სოფელ ერგნეთში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ პირველ სექტემბერს ჩამოგდებული დრონი მტკიცებულების სახით წარადგინა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განუცხადა.
“ჩვენ წარვადგინეთ ეს დრონი, როგორც მატერიალური მტკიცებულება და შეხვედრის მონაწილეებს მიეცათ საშუალება, საკუთარი თვალით ენახათ, რომ მასზე არ არის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის არანაირი ნაკვალევი. აღნიშნული დრონი ჩვენ გადავეცით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას”, – აღნიშნა მან.
პირველ სექტემბერს ცხინვალმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ “ქართული სოფლის, კობის მხრიდან სამხრეთ ოსეთის მიმართულებით იყო სროლა მათ უპილოტო საფრენ აპარატზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის რაიონში, სოფელ წნელისის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჰუმანიტარულ მისიას და ვიდეოდაკვირვებას ახორციელებდა. სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო უპილოტო საფრენი აპარატისთვის ცეცხლის გახსნა პირდაპირი პროვოკაციაა ქართული მხრიდან”.
ქართულმა მხარემ აღნიშნული ინფორმაცია მალევე უარყო. ამავე დღეს, ანტიოკუპაციური მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერმა, დავით ქაცარავამ, ფეისბუკზე დაწერა, რომ ოსური მხარის საფრენი აპარატი მისმა ჯგუფმა ჩამოაგდო. აღნიშნულის მიუხედავად, ცხინვალის წარმომადგენლები საკუთარ პოზიციაზე დარჩნენ და მომხდარში კვლავ ქართველი ძალოვნები დაადანაშაულეს.