სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ მათი საფრენი აპარატი არა დავით ქაცარავას დაჯგუფებამ, არამედ ქართველმა ძალოვნებმა ჩამოაგდეს.
დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებას ადგილობრივი მედია ავრცელებს, სადაც წერია, რომ სამოქალაქო დრონით არ ყოფილა ჩამოგდებული საფრენი აპარატი, როგორც ამას ქართული მხარე აცხადებს – “სროლა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის მიმართულებით ქართველი ძალოვნების მიერ იყო”, რასაც მათი განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობის ჩვენებები ადასტურებს.
“მივიჩნევთ, რომ შექმნილ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი იქნება ქართული მხარის მიერ კვადროკოპტერის ნარჩენების ჩვენება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის და შემდეგ ერგნეთში მისი გადმოცემა შესაბამისი ექსპერტიზისთვის”.
პირველ სექტემბერს ცხინვალმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ “ქართული სოფლის, კობის მხრიდან სამხრეთ ოსეთის მიმართულებით იყო სროლა მათ უპილოტო საფრენ აპარატზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის რაიონში, სოფელ წნელისის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჰუმანიტარულ მისიას და ვიდეოდაკვირვებას ახორციელებდა. სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო უპილოტო საფრენი აპარატისთვის ცეცხლის გახსნა პირდაპირი პროვოკაციაა ქართული მხრიდან”.
ანტიოკუპაციური მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერმა დავით ქაცარავამ ფეისბუკზე დაწერა, რომ ოსური მხარის საფრენი აპარატი მისმა ჯგუფმა ჩამოაგდო.
“ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოსდა აღნიშნული დრონის ჩამოგდება მოხდა ქართველი პოლიციელების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, არ შეესაბამება სინამდვილეს”, – განუცხადეს ნეტგაზეთს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.