ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

23 წელი ყარაბაღის ომის დროს უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოლოდინში

25 თებერვალი, 2015 • • 1446
23 წელი ყარაბაღის ომის დროს უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოლოდინში

ჟორა კარაპეტიანი, რომელიც 23 წლის მანძილზე უშედეგოდ ელოდა თავისი ორი ვაჟის შინ დაბრუნებას, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. მისი ცოლი – სვეტლანა, რომელიც ეტლით გადაადგილდება, გვიყვება:

 

“როცა მითხრეს, მათზე არავითარი ცნობა აღარ გვაქვსო, თავიდან ვერ გავიგე, ვინ “მათზე” მესაუბრებოდნენ და როცა მივხვდი, ძლიერად დავირტყი მუშტები მუხლებზე. მას შემდეგ მათ ვეღარ ვამოძრავებ”.

სვეტლანა კარაპეტიანი
სვეტლანა კარაპეტიანი

ყარაბაღის ომმა კარაპეტიანების საცხოვრებელი სახლი სოფელში, რომელიც ახლა აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზეა, სრულად გაანადგურა. თავდაპირველად ომში უმცროსი შვილი – არმენი წავიდა, რომელიც 17 წლის იყო. ამ დროს უფროსი ვაჟი რუსეთში სწავლობდა, თუმცა როცა ომის თაობაზე შეიტყო, მიატოვა სწავლა და ისიც შინ დაბრუნდა.

 

ძმები კარაპეტიანები “არაბოს” დანაყოფის წევრები იყვნენ. დანაყოფის შემადგენლობაში 80 ადამიანი შედიოდა და მხოლოდ რამდენიმე მათგანი გადარჩა ცოცხალი. დანარჩენები 1992 წლის 29 ივნისს გაუჩინარდნენ მარტაკერტის რაიონის სოფელ გასანგაიასთან ბრძოლის დროს.

სვეტლანას შვილები
სვეტლანას შვილები

“სოფელში შესვლის შემდეგ ბიჭები ალყაში მოექცნენ,” – ჰყვება სვეტლანა კარაპეტიანი, რომელიც ახლა ქალაქ მარტაკერტში ცხოვრობს ქალიშვილთან და ორ შვილიშვილთან ერთად. სახლში, კედელზე შვილების გადიდებული სურათები აქვს ჩამოკიდებული: “უფროსი ახლა 47 წლის იქნებოდა, უმცროსი კი – 41-ის. ჩემი შვილები აზერბაიჯანის მიწაზე დარჩნენ. ჩვენს სახლში სინათლის სხივი ჩაქრა. ეს შუქი (ელექტრონათურაზე მიგვითითებს. – ავტ.) ხელოვნურია, ნამდვილი შუქი კი ჩაქრა. ჩვენს გვარს აღარავინ გააგრძელებს. რომ ვიცოდეთ, რომ ისინი მოკვდნენ, შეგვეძლოს მათი საფლავების მონახულება, ყვავილების დადება, ასე მტკივნეული აღარ იქნებოდა ეს ყველაფერი”.

 

ფლორა მირზოიანსაც მარტაკერტში შევხვდით. მისი უმცროსი ვაჟი – ნორაირი, რომელიც, ასევე, “არაბოს” დანაყოფში მსახურობდა, 18 წლის იყო, როცა გაუჩინარდა – 1992 წლის 29 ივნისს.

 

“როგორ მოხდა ისე, რომ დანაყოფის ხუთი წევრი გადარჩა? სხვებზე კი დღემდე არაფერი ვიცით?!” – ამ კითხვებზე პასუხს 23 წელია ელოდება ფლორა მირზოიანი, – “ამდენი წელია ვცხოვრობთ იმედით და რწმენით, მაგრამ უკვე იმედიც მოკვდა. რამდენიმე თვის წინ ქმარი მომიკვდა, ვერ გაუძლო ამ ტანჯვას”.

ფლორა მირზოიანი
ფლორა მირზოიანი

ფლორა მირზოიანი იხსენებს, რომ რამდენიმე წლის წინ ტელევიზიით სიუჟეტი ნახა: “ვიდეომასალაში აზერბაიჯანელი მეომარი ამბობს: “შეხედეთ მის კბილებს”. ეს ჩემი ნორაირი იყო, მას ორი ოქროს კბილი ჰქონდა.”

 

არც მანამდე და არც ამ სიუჟეტის ნახვის შემდეგ ფლორას მის შვილზე რაიმე ინფორმაცია არ მიუღია. მხოლოდ იმ იმედით ცოცხლობს, რომ მის შვილს წლების მანძილზე არ აწამებდნენ და ისე დაიღუპა.

 

“მინდა ჩემ სახლში დაბრუნება, ჩემი გაუჩინარებული შვილის დაბრუნება, რომ ერთად ვცხოვრობდეთ ყველანი, მაგრამ…” – ამბობს ფლორა. იგი უფროს ვაჟთან ერთად ცხოვრობს, რომლის ერთ-ერთ შვილს გაუჩინარებული ბიძის სახელი – ნორაირი ჰქვია.

ფლორას გაუჩინარებული შვილი და გარდაცვლილი ქმარი
ფლორას გაუჩინარებული შვილი და გარდაცვლილი ქმარი

ყარაბაღის ომის დროს უგზოუკვლოდ დაკარგულთა ნათესავებმა 17 წლის წინ კავშირი შექმნეს. ორგანიზაციის თავმჯდომარე ვერა გრიგორიანია, რომლის შვილი – სპარტაკი, უკვე 20 წელზე მეტია გაუჩინარებულია. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა მან ერთ ორგანიზაციაში შემოეკრიბა ანალოგიური ისტორიის მქონე ადამიანები. კავშირის მუშაობის შედეგად რამდენიმე დაკარგული მოიძიეს და შინ დააბრუნეს, თუმცა ბოლო ასეთი შემთხვევა 2001 წელს მოხდა.

 

“თავის დროზე, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის საშუალებით კავშირს ვამყარებდით აზერბაიჯელებთან, რომლებსაც იგივე პრობლემები ჰქონდათ. ახლა მხოლოდ ღვთის იმედად ვართ,” – ამბობს ვერა.

 

უკვე 10 წელზე მეტია არაფერს აკეთებს 2000 წელს შექმნილი, ყარაბაღის ომის დროს უგზოუკვლოდ გაუჩინარებულთა მოძიების საკითხზე მომუშავე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფიც, რომლის წყალობითაც ბევრი დაბრუნდა სახლში. ჯგუფის თანათავმჯდომარის ბერნარდ კლაზენის თქმით, ისინი იძულებულნი იყვნენ შეეჩერებინათ თავიანთი სამუშაო შემდეგი მიზეზის გამო.  

 

“მას შემდეგ, რაც ჩვენ ღიად დავიწყეთ აზერბაიჯანული მხარის კრიტიკა ყოფილი სამხედრო ტყვეების გასამართლების გამო, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომისიამ უარი თქვა ჩვენთან ერთად მუშაობაზე. ხოლო თუკი შუამავალს მხოლოდ ერთი მხარე ენდობა, მუშაობა აზრს კარგავს. ამის შემდეგ ჩვენმა ფონდმა უარი თქვა ხელი შეეწყო ჯგუფის შემდგომ მუშაობაზე,” – განმარტავს კლაზენი.

 

აზერბაიჯანული მხარის მიერ უკეთეს ვითარებაში არც მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სახელმწიფო კომისიაა, რომელიც სამხედრო ტყვეების, მძევლების და უგზოუკვლოდ დაკარგულთა საკითხებზე მუშაობს. კომისიაში გვითხრეს, რომ ბოლოს უშუალო კონტაქტი აზერბაიჯანულ მხარესთან 1994 წელს იყო, როცა მოხდა ტყვეების “ყველა ყველაზე” პრინციპით გაცვლა. ამის შემდეგ ყველა კონტაქტი და კავშირი წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოების შუამავლობით მყარდება. ორგანიზაციის სტეპანაკერტის ოფისში უარი განაცხადეს კომენტარზე და აღნიშნეს, რომ ისინი ნეიტრალური შუამავლის პოზიციას იკავებენ.

 

სხვადასხვა მონაცემებით, ყარაბაღის ომის დროს სომხეთის მხრიდან უგზოუკვლოდ დაიკარგა 200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე.

 

ცოტა ხნის წინ უგზოუკვლოდ დაკარგულთა ნათესავების კავშირმა განცხადებით მიმართა ეუთოს მინსკის ჯგუფს. განცხადებაში ნათქვამია, რომ უგზოუკვლოდ დაკარგულთა საკითხი კონფლიქტის დარეგულირების პროცესის მიღმა დარჩა. მშობლები და ახლობლები ითხოვენ თანათავმჯდომარეებისგან, რომ დაეხმარონ მათი შვილების მოძიებისა და ცხედრების გაცვლის საკითხში.

ჯერ არ არის ნათელი, როდის და როგორ გადაწყდება ასობით ოჯახისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან კონფლიქტის მხარეებს შორის ამ საკითხზე, ისე როგორც სხვა საკითხებზე, თანამშრომლობა არ არის.


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი