ახალი ამბები

ბახტაძესთან დაგეგმილ შეხვედრაზე “კავკასია” არ მიიწვიეს

2 სექტემბერი, 2019 • 1125
ბახტაძესთან დაგეგმილ შეხვედრაზე “კავკასია” არ მიიწვიეს

უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან დღეს დაგეგმილ შეხვედრას 8 ტელეკომპანიის თოქ-შოუს წამყვანი დაესწრება, თუმცა მათ შორის არ იქნება ტელეკომპანია “კავკასია”.

როგორც ნეტგაზეთს მთავრობის პრესსამსახურში უთხრეს, მათ მხოლოდ ეროვნული მაუწყებლები მიიწვიეს. “კავკასიის” მფლობელი ნინო ჯანგირაშვილი Facebook-ზე წერს, რომ კავკასია ეროვნული მაუწყებელია და ამას ადასტურებს კომუკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ გაცემული ავტორიზაციის დოკუმენტი:

“მეტ კვალიფიკაციას არც მოველოდი მთავრობისგან და მათი პიარისგან, მაგრამ მაინც რომ იცოდეთ: კავკასია არის ეროვნული ტელემაუწყებელი საქართველოს კანონმდებლობის და კომუნიკაციების კომისიის მიერ გაცემული დოკუმენტის მიხედვით. ახლა თქვენ სად აგიხსნათ, რომ ეროვნული ტელემაუწყებელი ერთ კონკრეტულ მულტიპლექსში ჩართვას არ ნიშნავს და ციფრულ საუკუნეში საქართველო შესაძლოა რამდენიმე მულტიპლექსით, თანამგზავრით და სხვადასხვა საშუალებებით დაფარო. ისე, თუ გეპატარავებით თვალში ან უბრალოდ არ მოგწონვართ, პირდაპირ თქვით, ან რამე სხვა მიზეზი მოიფიქრეთ სამომავლოდ”.

ბახტაძესთან დაგეგმილ შეხვედრას შემდეგი ტელეკომპანიის წარმომადგენლები დაესწრებიან:

  • საზოგადოებრივი მაუწყებელი
  • ტვ პირველი
  • ტელეკომპანია იმედი
  • აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
  • მაესტრო
  • ობიექტივი
  • ტელეკომპანია პალიტრა
  • ფრანს პრესი

შეხვედრა, რომელსაც მხოლოდ სატელევიზიო  თოქ-შოების წამყვანები დაესწრებიან, თბილისში, ტექნოპარკში გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბახტაძე ჟურნალისტებთან სამთავრობო ცვლილებებზე ისაუბრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი