ახალი ამბებიკომენტარი

ბოკერიას მითები

2 სექტემბერი, 2019 •
ბოკერიას მითები

ავტორი: გრიგოლ გეგელია


“ნეტგაზეთისთვის” მიცემულ ინტერვიუში გიგა ბოკერიამ “ვარდების მთავრობის” ეკონომიკური პოლიტიკა წარმატებად მონათლა, შემდეგ კი მემარცხენეობის შესახებაც ისაუბრა. გასაკვირი არაფერია იმაში, რომ მაშინდელი პოლიტიკური რეჟიმის ერთ-ერთ უმთავრეს არქიტექტორს წარმატებული ეგონოს ეკონომიკური იდეოლოგია, რომელმაც ვერც საყოველთაო დოვლათი შექმნა და ვერც ადამიანების გამდიდრებას შეუწყო ხელი. მაგრამ გასაკვირია, რომ პროფესიით ისტორიკოსი საკმაოდ მარტივ მითებს ავრცელებს მემარცხენე იდეოლოგიის შესახებ. ბოკერიას თქმით, მემარცხენეებს თურმე ყველას გაღარიბება სურთ, ოღონდაც კი თანასწორობას მიაღწიონ, ხოლო თვითონ, როგორც მემარჯვენეს, ყველას გამდიდრება სდომებია. სინამდვილეში, როგორც ქვევით ვნახავთ, და როგორც საქართველოს უახლესი ისტორიის პრაქტიკა გვაჩვენებს, ეს სიცრუეა, რადგან ბოკერიას და ლიბერალთა ეკონომიკური იდეოლოგია არის ვიწრო ელიტის გამდიდრების და ხალხის სიღარიბეში დარჩენის იდეოლოგია. 

თუმცა ეს არ არის ბოკერიას პირველი თვითნებური ინტერპრეტაცია. ერთი წლის წინ მან პარლამენტის დარბაზში ისიც თქვა, რომ “ევროპა არ არის რეგულაცია, ევროპა არის თავისუფლება”, რაც არათუ ევროპის ისტორიის ოდნავ მაინც სიღრმისეულად მცოდნეს, არამედ ევროკავშირელ სკოლის მოსწავლესაც კი ხარხარით გაგუდავს. თუკი ევროკავშირი რამეა, ეს არის არა ბოკერიასეული “თავისუფლება”, არამედ სწორედაც რომ ნორმატიულ ღირებულებათა და რეგულაციათა ერთიანობა. ევროპული სახელმწიფო გარკვეულ რეგულაციას აწესებს უსაფრთხო სივრცეზე, შრომის უფლებებზე, საკვების უსაფრთხოებაზე, განათლებაზე, ჯანდაცვაზე და ფაქტიურად ყველა დარგზე. ბოკერიამ ეს გადასარევად იცის. მან ისიც იცის, რომ როცა ლონდონში წვიმს, რაგინდ უაზროც არ უნდა იყოს, მეტროში წარწერას გამოდებენ ხოლმე: “წვიმს, სველია”. ცხადია, სველია, აბა, რა იქნება? მაგრამ ევროკავშირში რეგულაციას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ მაშინაც კი, როცა ყველაფერი ისედაც ცხადია.

მაგრამ ქართველ მემარჯვენეებს წლებია დასჩემდათ ისტორიული რეალობების გაყალბება. ამგვარი გაყალბების ერთ-ერთი აქტიური მსხვერპლი ევროპის იდეაა, თუმცა ამას ცალკე წერილში შევეხებით. დღეს მემარჯვენე იდეოლოგიის კიდევ ერთ მსხვერპლს, მემარცხენეობას შევეხებით, რისთვისაც ბატონი ბოკერიას კრიტიკა იდეალურ საწყის წერტილს წარმოადგენს. 

1. “უთანასწორობა არ არის პრობლემა”

ბოკერიას თქმით, იმის თქმა, რომ “უთანასწორობა არის პრობლემა … მიმაჩნია ძალიან სახიფათო ავტორიტარულ-მემარცხენე მიდგომად”. მისი თქმით, პრობლემა არა უთანასწორობა, არამედ სიღარიბეა. დავიწყოთ იმით, რომ აქ ბოკერია სიტყვებით თამაშობს. სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა, რის წინააღმდეგაც მემარცხენეები ვიბრძვით, იმთავითვე სიღარიბის შედეგია. როცა მემარცხენეები უთანასწორობას ვაკრიტიკებთ, ჩვენ სწორედ სიღარიბის მდგომარეობას ვაკრიტიკებთ, უფრო კონკრეტულად კი იმას, რომ საქართველოს მთავრობების ეკონომიკური პოლიტიკა არ არის მიმართული საზოგადოების ფართო მასების განვითარებასა და გამდიდრებაზე და მხოლოდ ვიწრო ელიტების კეთილდღეობას ემსახურება. ჩვენ იმას კი არ ვჩივით, რომ ვიღაცას უფრო მეტი აქვს, ვიდრე სხვას. ჩვენ ვაკრიტიკებთ იმ მდგომარეობას, რომელშიც ვიღაცებს საერთოდ არ ეძლევათ შანსი, მიიღონ ადეკვატური ცოდნა, განახორციელონ თავიანთი ნიჭი და უნარი, დასაქმდნენ და იშრომონ უსაფრთხოდ, ჰქონდეთ დანაზოგის გაკეთების შესაძლებლობა და უზრუნველად გალიონ ცხოვრება. ჩვენ გვსურს სახელმწიფო, რომელიც ადამიანებს თავისი ნიჭის გამოვლენის, პიროვნული და კარიერული განვითარების და ეკონომიკური წინსვლის საშუალებას აძლევს. ჩვენ გვსურს სახელმწიფო, სადაც დამსაქმებელი ახსნა-განმარტების გარეშე ვერ დაითხოვს მშრომელს, სადაც დაცულია შრომის პირობები და შრომითი სივრცის უსაფრთხოება, სადაც დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის უფლებრივი მდგომარეობა კანონით არის დარეგულირებული.

როცა მემარცხენეები უთანასწორობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ იმას ვამბობთ, რომ სახელმწიფომ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს სიღარიბის აღმოსაფხვრელად. ჩვენ იმას ვაპროტესტებთ, რომ მდიდრები მდიდრდებიან, მაშინ როცა ღარიბები ღარიბდებიან, და არა იმას, რომ ვიღაცას უფრო მეტი ფული აქვს, ვიდრე სხვას. ჩვენ იმას კი არ ვჩივით, რომ ყველას ერთი ჯიშის ვაშლი არ აქვს მაგიდაზე, არამედ იმას, რომ ქვეყნის რესურსების ნახევარზე მეტს მომცრო, ულტრამდიდარი ელიტა ფლობს. ჩვენ იმას კი არ ვჩივით, რომ ყველას არ აცვია პიერ კარდენის კოსტუმები, არამედ იმას, რომ სახელმწიფო არ ახორციელებს სწორ ინვესტიციას განვითარებაში, ცოდნასა და ტექნოლოგიურ პროექტებში.

ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ სახელმწიფო მიზერული გროშებით ეხმარება ყველაზე მიუსაფარ საზოგადოებრივ ჯგუფებს, მაშინ როცა პოლიტიკური კლასი მილიონობით ლარის ოდენობის პრემიას იღებს. ჩვენ, საქართველოს მემარცხენეები, ვითხოვთ ფინანსურ გამჭვირვალობას, სიმდიდრის მეტ განაწილებას ქვეყნის განვითარების მისაღწევად, უკეთეს სკოლებს ქართველი ბავშვებისთვის (ზოგან კი, საერთოდ, პირველი სკოლების აშენებას), მეტ დაცულობას სიბერეში, უკეთეს შრომით პირობებს ექთნების, მძღოლების, მუშების, საჯარო მოხელეების, ჯარისკაცების, პოლიციელების, მაშველებისა და ყველა მშრომელი ადამიანისთვის ჩვენს ქვეყანაში.

ჩვენ ბოკერიაზე კარგად ვიცით, რომ პრობლემა სიღარიბეა. სწორედ სიღარიბე იწვევს უთანასწორობას, განვითარების შანსების არაპროპორციულობას, სოციალურ სტიგმას, დეპრესიას, ცუდ ჯანმრთელობას, უიმედობას. მაგრამ, ჩვენ ისიც ვიცით, რაც ბოკერიამ არ იცის – გამდიდრება არ ხდება თავისით, გამდიდრებას სჭირდება განვითარების სწორი და გრძელვადიანი სახელმწიფო პოლიტიკა. დღეს კი არაფერი კეთდება ქართველი ხალხის ეკონომიკური განვითარების მისაღწევად. 

2. “მემარცხენეები საუბრობენ უთანასწორობის დამარცხებაზე თუნდაც იმის ხარჯზე, რომ ყველა ერთად ღარიბი იყოს.”

როგორც ზევით უკვე ვნახეთ, ეს სიცრუეა. მაგრამ ბოკერიამ კარგი შანსი მოგვცა, ოდნავ უფრო ვრცლად გავშალოთ უთანასწორობაზე ფიქრის მიმართ ორი სხვადასხვა მიდგომა. აქედან პირველი, ალბათ, ყველაზე ცნობილი ანტიეგალიტარიანული არგუმენტია – Levelling Down Objection (“გათანასწორების კრიტიკა”), რომელსაც ბოკერიაც იყენებს. ეს არგუმენტი ეგალიტარიანელებს იმ მუხლით აკრიტიკებს, რომ ისინი ცდილობენ თანასწორობის მიღწევას ვიღაცების მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე. ცნობილი მაგალითი, რომელიც მათ მოჰყავთ, ცალთვალას მაგალითია. კრიტიკა შემდეგია: თუკი ვიღაცას ერთი თვალი აქვს, ხოლო სხვებს- ორ-ორი, მიზანი კი თანასწორობაა, მაშინ ეგალიტარიანელების აზრით დასაშვებია ყველას დავთხაროთ თითო თვალი და ამით ცალთვალას გავუთანაბროთ. ბოლშევიზმი ამ პოლიტიკური პრინციპის ყველაზე ცნობილი მაგალითია.

მაგრამ არსებობს თანასწორობაზე ფიქრის სხვა სკოლაც – პრიორიტარიანელები. ისინი ამბობენ, რომ ყველასთვის ცალი თვალის წართმევა კი არაა სასურველი, არამედ ცალთვალასთვის ცალი თვალის დამატება. იგივე მარტივი პრინციპი ეხება სიმდიდრე-სიღარიბის დაყოფასაც. პირველნი ამბობენ, რომ პოლიტიკური იდეალია აბსოლუტური თანასწორობა, ხოლო მეორენი ამბობენ, რომ იდეალია პრიორიტეტული დახმარება. სხვათა შორის, რა ირონიულიც არ უნდა იყოს (ბოლშევიკების თვითგამოცხადებული მარქსისტობის ფონზე), კარლ მარქსიც იმავეს წერს: “ყველას თავისი საჭიროების მიხედვით”.

მაგრამ უფრო შორს აღარ წავალთ. ბოკერია არათუ არ ცნობს განსხვავებას უთანასწორობაზე სხვადასხვანაირად მოსაუბრე ადამიანთა შორის, არამედ ამაზე არც კი ფიქრობს. მისთვის უთანასწორობა უბრალოდ არ ყოფილა პრობლემა. ხოლო ყველა, ვინც იცის, რომ უთანასწორობას შემზარავი გრძელვადიანი ეფექტები აქვს, აუცილებლად ბოლშევიკური სკოლის წევრი ყოფილა, რადგან ბოკერიასთვის სხვა სკოლა არც არსებულა. ჩვენთვის კი არსებობს.

ჩვენ ისიც ვიცით, რომ უთანასწორობას ცალსახად ნეგატიური ეფექტები აქვს. პოლიტიკის მეცნიერებაში ემპირიულად დასტურდება, რომ იქ, სადაც უთანასწორობაა, ჭარბობს დაავადებები, მიდრეკილება ექსტრემალური პოლიტიკისადმი, კრიმინალი, გაუნათლებლობა. სამაგიეროდ, დაბალია ადამიანური კაპიტალის ხარისხი, ბედნიერების კოეფიციენტი, ნიჭის გამოყენების და თვითრეალიზების მაჩვენებელი. გასაკვირი სავსებით აღარ არის არც ის, რომ ემპირიულად დასტურდება კავშირი უთანასწორობასა და დაბალ ეკონომიკურ ზრდას შორის.  

3. ბოკერია ირწმუნება, რომ მისი იდეოლოგია ისევე ლამობს “ყველას გამდიდრებას”, როგორც ყველა სხვა.

როდის მერე? ბოკერია ათი წლის განმავლობაში იყო იმ ადმინისტრაციის ერთ-ერთი მესვეური, რომელსაც თავის პრიორიტეტებში არ ჰქონია სოციალური სახელმწიფოს არცერთი გამოხატულება. სააკაშვილისა და ბოკერიას მთავრობის იდეალი იყო მინიმალური სახელმწიფო თავისი ტიპური ატრიბუტიკით: დაბალი გადასახადები, უსაფრთხოების სახელმწიფო, სამომხმარებლო ინდუსტრიის და ფინანსური სექტორის დომინაცია და არა რეალური ეკონომიკის განვითარება. ეს იყო ტიპურად მემარჯვენე კურსი, რომელიც არსად და არასდროს არ გულისხმობს ყველას გამდიდრებას, მაგრამ ყველგან და ყოველთვის გულისხმობს ვიწრო ჯგუფების გამდიდრებას. ასე მოხდა საქართველოშიც, სადაც გამდიდრდა ვიწრო ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტა, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა კი სრულიად გამოთიშულია როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური ცხოვრებიდან. 

2004-2011 წლებში, როდესაც საქართველოს “ვარდების მთავრობა” მართავდა, ეროვნული სიმდიდრე კი გაიზარდა, მაგრამ ხალხი გაღარიბდა. მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის მიუხედავად, რაც ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ინდიკატორია, მოსახლეობის სიღარიბე 7 წლისთავზე მკვეთრად იყო გაზრდილი თითქმის 10%-ით. 2004 წელს მისი მაჩვენებელი 35% იყო, ხოლოდ 2011 წელს- 45%. სიღარიბის დინამიკის შესახებ იმავეს ამბობს მსოფლიო ბანკის ანგარიშიც (აგვისტო, 2016), სადაც აშკარად ჩანს, რომ ვარდების მთავრობის ორნიშნა ეკონომიკური ზრდის პარალელურად, გაიზარდა აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელიც. სანამ უკეთესი პრაქტიკა არ გვინახავს, სამართლიანად დავასკვნით, რომ ქართული ეკონომიკური ლიბერალიზმი სწორედ რომ განუვითარებლობის და გაღარიბების იდეოლოგიაა. 

და აი, აქ მივდივართ სინამდვილემდე. როგორც ვნახეთ, ბოკერიასეული რეცეპტი სახელმწიფოს გარეშე გამდიდრებაშია. ამ ფორმულის მიხედვით, “ყველას გამდიდრება”, როგორც თვითონვე აღიარებს, არის “თავისით გამდიდრება”. ხელისუფლების ამოცანა, ბოკერიას მიხედვით, არის, რომ “ადამიანებს მისცეს საშუალება, თვითონ გაიუმჯობესონ თავიანთი ცხოვრება. ყველას უნდა ჰქონდეს შანსი, ისწრაფვოდეს ბედნიერებისკენ და უკეთესობისკენ მათ ცხოვრებაში, მათი სიცოცხლე და საკუთრება იყოს დაცული და თამაშის წესები იყოს თანასწორი ყველასთვის”. ეს საყოველთაოდ ცნობილი – და განვითარებულ მსოფლიოში დიდი ხნის წინ გაცვეთილი – კლასიკური ლიბერალური ხედვაა, რომელსაც სხვანარიად laissez-faire ლიბერალიზმი ჰქვია. ამ ხედვის მიხედვით, სახელმწიფო უნდა იყოს მინიმალური, რადგან რაც უფრო მეტად ჩაერევა სახელმწიფო ადამიანის ცხოვრებაში, მით უფრო მეტ საფრთხეს უქმნის მის თავისუფლებას. საბოლოოდ, ეს ხედვა იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს მორალური პოზიცია არცერთ საკითხზე, რაც მას ჩარევისკენ უბიძგებდა – მათ შორის, არც სიღარიბეზე.  პრაქტიკაში, ეს იმას ნიშნავს, რომ სჯობს ღარიბი ადამიანი შიმშილით მოკვდეს, ვიდრე სახელმწიფომ პროაქტიული ზომა მიიღოს მის დასახმარებლად. რადგან ლიბერალისთვის მთავარია, “თავისუფლება” არ შეილახოს, მათ შორის შიმშილით სიკვდილის თავისუფლება. მაგრამ, როგორც ნობელიანტი ეკონომისტი ამარტია სენი იტყოდა: “თავისუფლება, მოკვდე შიმშილით, არ არის თავისუფლება”. განვითარება შეუძლებელია ადეკვატური სახელმწიფო ინვესტიციის და სწორი პოლიტიკის გარეშე.

დასკვნა 1: მემარცხენეები არ ვიბრძვით აბსტრაქტული უთანასწორობის წინააღმდეგ, არამედ სწორედაც კონკრეტული სიღარიბის წინააღმდეგ ვიბრძვით. უთანასწორობა ცალკეულად არ არსებობს. ის სიღარიბის გამოხატულებაა. ბოკერიასა და მემარჯვენეებისგან განსხვავებით, ვიცით ისიც, რომ განვითრება და გამდიდრება არ ხდება თავისით, სახელმწიფოს ადეკვატური პოლიტიკის გარეშე. ამას მოწმობს ისტორიული პრაქტიკაც– ლიბერალური მინიმალური სახელმწიფოს პირობებში არ მოხდა საზოგადოების გამდიდრება. სამაგიეროდ, გამდიდრდა ტოპ 1%.

დასკვნა 2: მემარცხენეები იმას კი არ ვჩივით, რომ ვიღაცას უფრო მეტი აქვს, ვიდრე სხვას. ჩვენ იმას ვჩივით, რომ ზოგს არაფერი აქვს და არც შანსი ეძლევა, თავისი ნიჭი განვითარებისთვის გამოიყენოს, რაც არა მარტო მისი პიროვნული წარმატებისთვისაა აუცილებელი, არამედ ეკონომიკის განსავითარებლად. ჩვენ გვსურს პრიორიტეტულად დავეხმაროთ იმ სოციალურ ჯგუფებს, ვისაც სხვაზე მეტი ხელის წაკვრა სჭირდება.

დასკვნა 3: ბოკერია ხელაღებით უარყოფს მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული პოლიტიკის მეცნიერების მიერ წლების განმავლობაში დაგროვებულ ცოდნას. მისი აზრით, “უთანასწორობა პრობლემა არაა”, მაშინ როდესაც ემპირიული კვლევები რადიკალურად საპირპისპიროს ამტკიცებს. უთანასწორობა უდიდესი სოციალური პრობლემაა, შემზარავი ეფექტებით პიროვნების, საზოგადოებისა და პოლიტიკური სისტემის ბედზე. 

ავტორის შესახებ: 

გრიგოლ გეგელია (Ph. D., MA., MRes) — ისტორიისა და ცივილიზაციის დოქტორი (ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტი, ფლორენცია), სწავლობდა პოლიტიკური აზრის ისტორიიას ლონდონში (UCL) და ისტორიას ბრისტოლის უნივერსიტეტში. გეგელია პოლიტიკის პროფესორი, საჯარო კომენტატორი და მემარცხენე პოლიტიკოსია.  გეგელია 2019 წლის პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო. 


რედაქციის შენიშვნა: კომენტარების განყოფილებაში გამოქვეყნებული სხვადასხვა ავტორის მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს “ნეტგაზეთის” პოზიციას. 


„ნეტგაზეთის“ ინტერვიუ გიგა ბოკერიასთან:

უთანხმოება არ არის იმ მასშტაბის, საფრთხე შეუქმნას პარტიის ერთიანობას – ინტერვიუ ბოკერიასთან

მასალების გადაბეჭდვის წესი