ახალი ამბები

20 ივნისის საქმეზე დაკავებულმა მოქალაქემ შიმშილობა დაიწყო — მეუღლე

31 აგვისტო, 2019 • 1786
20 ივნისის საქმეზე დაკავებულმა მოქალაქემ შიმშილობა დაიწყო — მეუღლე

20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მოქალაქე, ლევან ჯიქური, 29 აგვისტოდან შიმშილობს, — ამბობს მისი მეუღლე.

მეუღლის თანახმად, ჯიქური მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება; მისივე თქმით, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს — ხელ-ფეხი აქვს გაკავებული. „ვიმედოვნებ, რომ ყველა გაითვალისწინებს ჩვენი ოჯახის მდგომარეობას, ასევე ლევანის ჯანმრთელობის მდგომარეობას და გირაოთი გამოუშვებენ 9 სექტემბერს“, — უთხრმა მან ტვ პირველს.

ლევან ჯიქური 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის მუხლითაა დაკავებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 19 ივლისს შეუფარდა პატიმრობა. ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროცესი გასვლითი იყო და სასამართლო დარბაზის ნაცვლად ღუდუშაურის კლინიკაში ჩატარდა.

ჯიქური, შსს-ის თანახმად, სამართალდამცველებს ურტყამდა ფარს და “აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში“.

საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი