ახალი ამბები

კრუნჩხვებში ჩავვარდი, ვითხოვდი ექიმს და არ მომიყვანეს – ლევან ჯიქური

8 ოქტომბერი, 2019 • 1589
კრუნჩხვებში ჩავვარდი, ვითხოვდი ექიმს და არ მომიყვანეს – ლევან ჯიქური

20/21 ივნისის საქმეზე ბრალდებული ლევან ჯიქური მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზებს იხსენებს. ჯიქურის თქმით, აქციის ღამეს დაკავებიდან რამდენიმე საათში გადაიყვანეს დიღომში, პოლიციის განყოფილებაში, სადაც ცუდად გახდა.

“გადამიყვანეს დიღომში, “კაპეზეზე”, სადაც ნერვიულობაზე გული გამიხდა ცუდად და ვითხოვდი ექიმს და არ მომიყვანეს. 3-4 საათის განმავლობაში… გავბუჟდი, ცხვირიდან წამსკდა სისხლი, ღებინება დამეწყო, კრუნჩხვებში ჩავვარდი. კამერაში რომ შემიყვანეს, არ ვიცი, რამდენად რეალური ადამიანი იყო იქ. მივესალმე და ხმა არ გამცა, “ადიალა” ჰქონდა გადაფარებული. ყველა კამერაში თვალი უყენიათ… რომ წამოვდექი და წავედი კარებისკენ, გავითიშე”,-  განაცხადა ჯიქურმა.

ამის შემდეგ ლევან ჯიქური ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“5 საათის მერე კარგად აზრზე მოვედი. ვერც ხელს ვგრძნობდი, იმდენად მქონდა გაბუჟებული. ერთ დიაგნოზში მიწერია ნერვული შოკი და მეორეში – ცენტრალური ნერვის დაზიანება. ერთი ღუდუშაურისაა, მეორე – ციხის. რომელია მართალი, არ ვიცი”, – განაცხადა ჯიქურმა.

მისი თქმით, დამამშვიდებელ წამლებს გამოკვლევის გარეშე ასმევდნენ.

ლევან ჯიქურის თქმით, 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. პროტესტის უკიდურესი ფორმა დღეს შეწყვიტა.

ლევან ჯიქური 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის მუხლითაა დაკავებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 19 ივლისს შეუფარდა პატიმრობა. ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროცესი გასვლითი იყო და სასამართლო დარბაზის ნაცვლად ღუდუშაურის კლინიკაში ჩატარდა. ლევან ჯიქურს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი დღეს შეეცვალა. შესაბამისად, წინასწარი პატიმრობიდან დარბაზიდანვე გათავისუფლდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი