ახალი ამბები

ხვალ უმრავლესობის სხდომა იგეგმება

31 აგვისტო, 2019 • 1392
ხვალ უმრავლესობის სხდომა იგეგმება

ხვალ, 1 სექტემბერს, იგეგმება საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა.

როგორც ტვ პირველი იუწყება, ხვალ ამ სხდომაზე ამცნობენ უმრავლესობის წევრებს ოფიციალურად, რომ სამთავრობო ცვლილებები იგეგმება.

ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ (IPN) წერს, რომ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის, ამ პოსტზე კი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ძველი სახე, ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება.

„ნეტგაზეთს“ მთავრობის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მსგავს ინფორმაციას ვერ დაგვიდასტურებენ. IPN-ი წერს, რომ ინფორმაციას ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პირველი არხის გავრცელებული კადრების თანახმად, პარლამენტის წევრმა თამარ ხულორდავამ თქვა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება“ უმრავლესობის სხდომაზე, არც უარყო და არც დაადასტურა ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით და თქვა, რომ „ხვალ საბოლოოდ იქნება შეჯერებული უმრავლესობის წევრების პოზიციები“.

ამ ცვლილებებზე რამდენიმე კვირაა, სხვადასხვა მედია, მაგალითად ტვ პირველი და გამოცემა BMG, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. IPN-მა 31 აგვისტოს დაწერა, რომ მმართველმა გუნდმა საბოლოოდ მიიღო მთავრობაში საკადრო ცვლილებების გადაწყვეტილება და სავარაუდოდ შემდეგ კვირაში მმართველი გუნდი საჯაროდ გამოაცხადებს ცვლილებებს. მთავრობა ამ ინფორმაციას ამ დრომდე არ ადასტურებს.

მამუკა ბახტაძე მხოლოდ ერთი წელიწადი და ორი თვეა, პრემიერ-მინისტრია. მანამდე ის ჯერ საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორად, შემდეგ კი  ფინანსთა მინისტრად მუშაობდა. თუკი გახარიას მთავრობის ხელმძრვანელის თანამდებობაზე დანიშნავენ, ის „ქართული ოცნების“ მთავრობაში რიგით მე-5 პრემიერ-მინისტრი იქნება. პრემიერის გადადგომა ნიშნავს, რომ მინისტრთა კაბინეტიც დაიშლება.

გაიგეთ მეტი:

IPN: ბახტაძეს გახარია შეცვლის, ღარიბაშვილი შს მინისტრად ბრუნდება | მთავრობა: არ ვადასტურებთ

მასალების გადაბეჭდვის წესი