ახალი ამბები

შსს–მ წყალმომარაგების კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დააკავა

24 თებერვალი, 2015 • 1096
შსს–მ წყალმომარაგების კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დააკავა

გარდა ამისა, დაკავებულია ამავე კომპანიის ფულადი სახსრებისა და საკრედიტო რესურსების სამმართველოს ყოფილი უფროსი ნათია ნავროზაშვილი, რომელმაც, შსს–ს ცნობით, თამარ ფხოველიშვილთან და მის მეუღლე ზურაბ ნუცუბიძესთან ერთად ჩამოყალიბებულ ორგანიზებული ჯგუფის შემადგენლობაში, წყალმომარაგების კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხები მიითვისა.


გამოძიება ფხოველიშვილსა და ნუცუბიძეს 2 მილიონ ლარზე მეტის უკანონოდ მითვისებას ედავება.


შსს–მ 1 კვირის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ თამარ ფხოველიშვილმა და ზურაბ ნუცუბიძემ, 2013 წლის 31 მარტიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ანგარიშიდან მათ კონტროლირებად ანგარიშებზე, თითქოსდა წყალმომარაგების კომპანიისათვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, საერთო ჯამში – 2 227 887 ლარი უკანონოდ გადარიცხეს და მიითვისეს.

 

ზურაბ ნუცუბიძე 2015 წლის 13 თებერვალს დააკავეს, თამარ ფხოველიშვილს კი მაშინ ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. 

 

თამარ ფხოველიშვილისა და ნათია ნავროზაშვილის მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის საამრთლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

შსს–ს განცხადებაში ნათქვამია, დანაშაულის სხვა შესაძლო თანამონაწილე პირთა გამოსავლენად გამოძიება გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი