ახალი ამბები

Fly Jordan-ს საქართველოში დაფრენის ნებართვა მიეცა – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

29 აგვისტო, 2019 • 3012
Fly Jordan-ს საქართველოში დაფრენის ნებართვა მიეცა – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანია Fly Jordan-ს საქართველოში დაფრენის ნებართვა მიეცა. საუბარია ჩარტერულ რეისზე, რომელიც ავიაკომპანიის ინფორმაციით, იორდანიულ კომპანიას DALLAS TRAVEL AND TOURISM-თან ერთად ბათუმში 30 აგვისტოს აქვს დანიშნული.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანახმად, განიხილეს Fly Jordan-ის განაცხადი ამანი-ბათუმი-ამანის საჰაერო ხაზზე დამატებით 7 ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით და ნებართვა დადგენილი ვადების დაცვით გაიცა:

“სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განიხილა ავიაკომპანია Fly Jordan-ის განაცხადი ავიაკომპანიის მიერ ამანი-ბათუმი-ამანის საჰაერო ხაზზე დამატებით 7 ჩარტერული რეისის განხორციელებასთან დაკავშირებით და ნებართვა დადგენილი ვადების სრული დაცვით გასცა. ავიაკომპანია „Fly Jordan”-მა ამანი-ბათუმი-ამანის საჰაერო ხაზზე დამატებითი არარეგულარული ჩარტერული რეისების განხორციელების თაობაზე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განაცხადები მიმდინარე წლის 21-25 აგვისტოს შუალედში შემოიტანა.”

28 აგვისტოს ავიაკომპანიის ადგილობრივმა წარმომადგენელმა თამარ გუნდაძემ განაცხადა, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, დაუდგენელი მიზეზით, საქართველოს ტერიტორიაზე დაფრენის ნებართვას აღარ აძლევდა.

გუნდაძე ნეტგაზეთს უყვება, რომ FLY JORDAN–ის სათავო ოფისს სააგენტოს წარმომადგენელი ტელეფონით დაუკავშირდა და  ჩარტერული რეისის შესრულებაზე უარი უთხრა, მაშინ როცა ადგილობრივ წარმომადგენლობას ან სათავო ოფისს ნებართვაზე უწყებიდან ოფიციალური პასუხი მიღებული არ ჰქონდა.

“ჩვენი ავიაკომპანია 3 ივლისიდან დაფრინავს და ნებართვასაც ყოველთვის წინმსწრებად ვითხოვთ. ოთხი დღის წინ სააგენტომ სატელეფონო ზარის მეშვეობით უარი გვითხრა, თუმცა ის ოფიციალური უწყებაა და სატელეფონო ზარის ნაცვლად ოფიციალურად უნდა შეგვატყობინოს გადაწყვეტილება, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. მათი არგუმენტი იყო ის, რომ იორდანია Georgian Airways-ს (აირზენა) დაფრენის უფლებას არ აძლევდა. თუმცა ეს არის იორდანიის განსახილველი საკითხი და  ქვეყანამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და არა FLY JORDAN-მა, კერძო ავიაკომპანიამ,” – აცხადებს გუნდაძე.

სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია: ნებართვის გაცემის პარალელურად, საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაიმართა დამატებითი კონსულტაცია, რომლის შედეგადაც, Georgian Airways-ს  არ ექნება შეფერხება ანალოგიური ნებართვების მიღებასთან დაკავშირებით.

როგორც  FLY JORDAN-ის  ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, რამდენიმე წელია საქართველოში ჩარტერულ რეისებს ახორციელებენ, თუმცა წელს ტურიზმის სექტორს მხარდაჭერა გამოუცხადეს და ჩარტერული რეისები ბათუმის მიმართულებით 18-დან 30-მდე გაზარდეს. მისივე თქმით, თითო რეისით საქართველოში დაახლოებით 150 ტურისტი ჩამოჰყავთ.

ნეტგაზეთი გუშინ, 28 აგვისტოს დაუკავშირდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, სადაც გვითხრეს, რომ ავიაკომპანიამ ჩარტერული რეისის ნებართვაზე განაცხადით 24 აგვისტოს მიმართა და ეს განაცხადი განხილვის ეტაპზე იყო.

“როგორ იქნება დაფრენის ნებართვაზე გადაწყვეტილება, მაშინვე აცნობებენ FLY JORDAN–ს,” – აცხადებდნენ უწყებაში.

დღეს, 29 აგვისტოს, უკვე უწყების ოფიციალური განცხადებიდან გახდა ცნობილი, რომ ავიაკომპანიაზე დაფრენის ნებართვა გაიცა.

“აქვე აღვნიშნავთ, რომ ავიაკომპანია „Fly Jordan“-ზე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გაიცა 54 რეისის განხორციელების ნებართვა. ავიაკომპანიის მხრიდან შესრულდა 26 რეისი და მისივე ინიციატივით გაუქმდა 16 რეისი. გაცემული ნებართვის ფარგლებში, „Fly Jordan“-მა უნდა შეასრულოს 12 რეისი, ხოლო 21-25 აგვისტოს შემოტანილი განაცხადებით ითხოვდა დამატებით 7 სიხშირის შესრულებას. სააგენტო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს დადგენილ ვადებში, არსებული სამართლებრივი ჩარჩოს, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით და მონიჭებული დისკრეციის ფარგლებში,” – აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოსა და იორდანიას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ გაფორმებული შეთანხმება ლიბერალურ პრინციპებს ეყრდნობა და ამის მაგალითი არაერთი იორდანიული ავიაკომპანიაა, რომლებიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი