ახალი ამბები

მთავრობამ მასზე დაქვემდებარებული “ახალგაზრდობის სააგენტო” შექმნა

29 აგვისტო, 2019 • 2136
მთავრობამ მასზე დაქვემდებარებული “ახალგაზრდობის სააგენტო” შექმნა

საქართველოს მთავრობამ “ახალგაზრდობის სააგენტო” დააფუძნა. 26 აგვისტოთი დათარიღებული დადგენილების თანახმად, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს, უწყების სახელმწიფო კონტროლს თავად მთავრობა განახორციელებს.

როგორც “ნეტგაზეთს” მთავრობის პრესსამსახურში უთხრეს, უწყების ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი იქნება, რომელიც საკონსულტაციო სააგენტო “მილენიალ ჰაბის” დამფუძნებელია.

დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ უწყების მიზნებს შორის იქნება ახალგაზრდების განვითარებისა და მათი საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა; ახალგაზრდებში სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა; ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა და სხვა.

“ახალგაზრდობის სააგენტოს” სახელმწიფო კონტროლი მთავრობის პრეროგატივა იქნება: დადგენილების მიხედვით, უწყების ხელმძღვანელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს. პრემიერი დანიშნავს მის 3 მოადგილესაც, თუმცა, “ხელმძღვანელის წარდგინებით”.

სააგენტო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი