საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ყოფნისას შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ანდრეს ნორლენმა არჩილ თალაკვაძესთან ერთობლივი ბრიფინგი გამართა. შვედეთის პარლამენტის სპიკერმა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ შეშფოთებულია ქართული პოლიტიკის პოლარიზებული ბუნებით:
“ვფიქრობ, ფაქტი, რომ მე ჩამოვედი დელეგაციასთან ერთად, რომელიც წარმოადგენს შვედეთის პარლამენტის მთელ პოლიტიკურ სპექტრს, კარგი ილუსტრაციაა იმისა, რომ მიუხედავად იდეოლოგიური განსხვავებებისა, პარტიებს თანამშრომლობა შეუძლიათ ქვეყნისთვის კრიტიკულ სიტუაციებსა და ყოველდღიურ საპარლამენტო ცხოვრებაში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიულ ინტერესებზე მაღლა დავდგეთ, როცა ეს ქვეყნის ინტერესია.
შეშფოთებული ვართ ქართული პოლიტიკის პოლარიზებული ბუნებით. ვიცი, რომ ჩემს კოლეგას აქვს ამბიცია ამ პოლარიზაციის შერბილების, რასაც ჩვენ მხოლოდ მვესალმებით. ვფიქრობ, მნიშნველოვანია ვიყოთ ერთად დემოკრატიის პირობებში, მაშინ როდესაც არსებობს სხვადასხვა საფრთხეები” ,- თქვა შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.
ნორლენმა ასევე აღნიშნა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე დეპუტატები ერთმანეთს მტრებად არ უნდა გაინიხილავდნენ და ქვეყანა მხოლოდ პარტიებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის პირობებში გაძლიერდება:
“ჩვენ მივესალმებით განცხადებებს საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით და, ვფიქრობთ, ეს არის კარგი საშუალება დიალოგისთვის სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას, ასევე, საზოგადოების წარმომადგენლებს შორის. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ როდესაც არჩეული ხართ პარლამენტში, სხვა პარტიების წარმომადგენლები თქვენი მტრები არ არიან, ისინი კოლეგები არიან. ჩვენ ურთიერთპატივისცემა უნდა გამოვიჩინოთ მუშაობისას და დიალოგი გვქონდეს პარტიულ ხაზს მიღმა. ვფიქრობ, მსგავსი განვითარება საქართველოს გააძლიერებს”,- განაცხადა ნორლენმა.