ახალი ამბებისაზოგადოება

რუსეთის სანქცირების მოთხოვნა არამშვიდობიან პოლიტიკას არ გულისხმობს — ანალიტიკოსი

29 აგვისტო, 2019 • 2415
რუსეთის სანქცირების მოთხოვნა არამშვიდობიან პოლიტიკას არ გულისხმობს — ანალიტიკოსი

რამდენად სწორი და არგუმენტირებულია პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადება, რომ „რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ვერ აჩერებს რუსეთის მხრიდან აგრესიას“?

თამარ ხულორდავამ ამ ფრაზით უპასუხა კრიტიკას იმის გამო, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო საკმარისად არ აქტიურობს ინიციატივებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დასაკისრებლად.

„არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ უნდა გავააქტიუროთ სანქციებზე საუბარი, თითქოს ეს შეაჩერებს რუსულ აგრესიას. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინასთან მიმართებაში სანქციები ძალაშია, მაგრამ რუსულ აგრესიას ეს არ აჩერებს“, — განუცხადა 29 აგვისტოს ხულორდავამ ჟურნალისტებს. შემდეგ კი თქვა:

„ამიტომ ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს ის, რომ მშვიდობიანად, ჩვენი პოზიციის ძალიან პრინციპული დაცვით, უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია. ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი“. რამდენად არგუმენტირებულია ხულორდავას ეს ხედვა? და რამდენად გამოხატავს მისი კომენტარი საქართველოს ხელისუფლების საერთო მიდგომას ამ საკითხზე?

სანქციები და მათი მიზანი

კვლევითი ორგანიზაცია „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) ანალიტიკოსი ირაკლი სირბილაძე „ნეტგაზეთს“ განუმარტავს, რომ მართალია, სანქციები სრულად ვერ აჩერებდეს აგრესიას რუსეთის მხრიდან, თუმცა „რუსეთის კონფრონტაციული საგარეო პოლიტიკის ფონზე სანქციების არარსებობამ შესაძლოა რუსეთის აგრესია წაახალისოს და რუსეთს გაუჩინოს განცდა, რომ ის ნაკლები ფასის გადახდის სანაცვლოდ შეძლებს მეზობელი სახელმწიფოების მიმართ აგრესიული პოლიტიკის წარმოებას“.

რუსეთისთვის არაერთ სახელმწიფოს აქვს დაწესებული სანქციები სხვადასხვა მიზეზით. ასე, მაგალითად: ყირიმის 2014 წლის ანექსია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება იყო, რის გამოც ევროკავშირმა, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს. სულ ახლახან კი — 2 აგვისტოს — აშშ-მა დამატებითი სანქციები დაუწესა რუსეთს, რისი საფუძველიც გახდა დიდ ბრიტანეთში სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლა, რის მიღმაც გამოძიება რუსეთის სპეცსამსახურების კვალს ხედავს.

რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ზოგად მიზანს ირაკლი სირბილაძე ასე განმარტავს: „სანქციების მიზანია, რუსეთმა აგოს პასუხი საერთაშორისო სამართლის ნორმების — საზღვრების ურღვევობისა და სახელწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის — დარღვევაზე; ეკონომიკური სანქციები ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ შემაკავებელ მექანიზმს და ერთგვარ გზავნილს რუსეთის მიმართ, რომ შემდგომი აგრესიული და პროვოკაციული ქმედების დაგეგმვასა და განხორციელებას მოჰყვება დასავლეთის ქვეყნების მკაცრი რეაგირება და რუსეთში ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება“.

მიზეზად, რის გამოც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე საუბრის გააქტიურება, სირბილაძე შემდეგს ასახელებს: „საქართველოში პროვოკაციების განხორციელებისას რუსეთს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ამ პროვოკაციებს დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესება მოჰყვება, რასაც შემდგომ გავლენა ექნება, მათ შორის, რუსეთის შიგნით ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებასა და რეჟიმის მომავალზე“.

„ითხოვდე რუსეთის მიერ განხორციელებული არალეგალური ქმედებების გამო — რასაც ყოველდღიური გავლენა აქვს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე — სანქციების დაკისრებას, არ გულისხმობს, რომ არამშვიდობიან პოლიტიკას ახორციელებ. ეკონომიკური სანქციების დაწესება საერთაშორისო ნორმების დარღვევის გამო სწორედ რომ ერთ-ერთი არაძალისმიერი ზომაა, რასაც სახელმწიფოები მიმართავენ“.

ემთხვევა თუ არა ხულორდავას განცხადებაში ასახული ხედვა ზოგადად საქართველოს ხელისუფლების პოზიციას რუსეთზე? ირაკლი სირბილაძე ამბობს:

„რუსეთის მიმართ საქართველოს ახლანდელი ხელისუფლების მიდგომა ძირითადად ეფუძნება დაშვებას, რომ საქართველომ რუსეთს უნდა მისცეს რაც შეიძლება ნაკლები მიზეზი პროვოკაციისთვის და საქართველოს საგარეო პოლიტიკა იყოს რეაქტიული, ანუ იცავდეს რუსულ-ქართულ ურთიერთობებში არსებულ წითელ ხაზებს და რეაგირებდეს რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე“.

„ახლანდელ ხელისუფლებას ნაკლებად ახასიათებს პროაქტიული საგარეო პოლიტიკა. ეს, მათ შორის, გულისხმობს საერთაშორისო დღის წესრიგში რუსეთის აგრესიის საკითხის აქტიურად დაყენებას; საუბარს რუსეთის მიმართ საქართველოში რუსეთის ქმედებების გამო სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე და ამ მიზნით სხვადასხვა პლატფორმების, — საერთაშორისო ორგანიზაციების თუ დასავლური მედიასაშუალებების, — ინტენსიურად გამოყენებას.

„თუ ხელისუფლება ამას აკეთებს, ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი თავად იქცევა პროვოკაციულად და საქართველომ ამას პასუხი უნდა გასცეს, რადგან ეს ურთიერთობებში არსებულ წითელ ხაზებს კვეთს“, — ამბობს ანალიტიკოსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი