ახალი ამბები

უკრაინის ელჩს პეტიცია გადასცეს სააკაშვილისა და ადეიშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით

23 თებერვალი, 2015 • 1859
უკრაინის ელჩს პეტიცია გადასცეს სააკაშვილისა და ადეიშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით

აქცია-ბრიფინგს 20–მდე ადამიანი დაესწრო, საელჩოს სიახლოვეს კი დაახლოებით, 40 სამართალდამცავი იყო შეკრებილი. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს უკრაინის საელჩოსთან მიტანილი ჰქონდათ ბანერები წარწერით: “დაიცავით საერთაშორისო კანონმდებლობა! პატივი ეცით ქართველი ხალხის ნებას, გადმოეცით დამნაშავეები მართლმსაჯულებას!”

 

შენობის მთავარ შესასვლელთან უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი გამოვიდა, რომელსაც აქცია-ბრიფინგის მონაწილეები შეხვდნენ და 15 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ხელმოწერილი პეტიცია გადასცეს.

 

საელჩოს თანამშრომელმა აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინას მხარს უჭერს და ეხმარება, რისთვისაც ისინი ქართველი ხალხის მადლიერნი არიან. მისი თქმით, უკრაინაში ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსნების თანამდებობებზე დანიშვნა არ არის საქართველოს საწინააღმდეგოდ მიმართული.


აქცია-ბრიფინგი არასამთავრობო ორგანიზაცია “ერეკლე მეორეს საზოგადოების” ორგანიზებით გაიმართა. აღნიშნული ორგანიზაცია რუსეთთან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ითხოვს და ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “ერეკლე მეორეს საზოგადოების” თავჯდომარე, არჩილ ჭყოიძე უკრაინის საელჩოს წარმომადგენელს არ ეთანხმება და საწინააღმდეგოს ამტკიცებს. მისი თქმით, ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, როდესაც უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მართლმსაჯულების მიერ ძებნილ ადამიანებს ხელს აფარებს და თანამდებობებზე ნიშნავს:

 

“ჩვენ რომ იანუკოვიჩი ჩამოგვეყვანა და დაგვენიშნა რომელიმე მაღალ თანამდებობაზე, ხომ იქნებოდა ეს უკრაინელი ხალხის და უკრაინის სახელმწიფოს შეურაცხყოფა? ასეთივე მაგალითი უნდა გავავლოთ ჩვენ სააკაშვილთან მიმართებაში.”

 

ჭყოიძის თქმით, რამდენიმე ორგანიზაცია აპირებს სერიოზული აქციების ჩატარებას იმავე მოთხოვნით, რა მოთხოვნითაც დღევანდელი ბრიფინგი ჩატარდა:

 

“თუ საქართველოს საზოგადოებისგან იქნება მოთხოვნა და ეს მოთხოვნა იქნება ფართომასშტაბიანი, სადაც ჩაერთვება საზოგადოების სხვადასხვა ფენები, უკრაინის ხელისუფლებას მოუწევს ქართველი ხალხის ნების აღსრულება.”

საქართველოს პრეზიდენის 2004-2013 წლებში, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ სხვადასხვა ბრალი აქვს წარდგენილი. ბრალი აქვს წარდგენილი ზურაბ ადეიშვილსაც, რომელიც, პროკურატურის ცნობით, წითელი ცირკულარით იძებნება. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ უკრაინელ კოლეგებს მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და ექსტრადირების თხოვნით მიმართეს, უკრაინულ მხარეს საქართველოს პროკურატურასთან არ უთანამშრომლია და ზემოხსენებული პირების დაკავებაზე უარს აცხადებს.

 

არასამთავრობო ორგანიზაციების ბრიფინგი უკრაინის საელჩოსთან
არასამთავრობო ორგანიზაციების ბრიფინგი უკრაინის საელჩოსთან

ბრიფინგის მონაწილეებს უკრაინის საელჩოს თანამშრომელი შეხვდა
ბრიფინგის მონაწილეებს უკრაინის საელჩოს თანამშრომელი შეხვდა

მასალების გადაბეჭდვის წესი