ახალი ამბები

ხაშურის მუნიციპალიტეტთან საოკუპაციო ძალის ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება: სუს-ი

28 აგვისტო, 2019 • 2049
ხაშურის მუნიციპალიტეტთან საოკუპაციო ძალის ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება: სუს-ი

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება – ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს, 28 აგვისტოს განუცხადეს.

უწყების შეფასებით, აღნიშნული ქმედება “წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს”.

“ფაქტთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საკითხი განხილული იქნება 29 აგვისტოს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე”, – აცხადებს სუს-ი.

მანამდე, ასევე 28 აგვისტოს, დე ფაქტო პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის უფროსმა, ზაზა დრიაევმა,  განაცხადა, რომ ქართველმა პოლიციელებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ სამხრეთ ოსეთის სოფელი წნელისი.

“სამართლიანი იქნება, თუკი საკუთარ პოსტებს განვათავსებთ იქ, სადაც ადრე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვარი მდებარეობდა”, – თქვა მან.

ქართველმა პოლიციელებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ წნელისი – ოსური მხარე

მასალების გადაბეჭდვის წესი